ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ევროპის კავშირის გახლეჩა სურს იმ ტაქტიკით, რომელსაც ევროკავშირის მოწინააღმდეგეები იყენებენ.
Financial Times-თან ინტერვიუში კალასმა ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებს „ძალზე რთული“ უწოდა. ამის საილუსტრაციოდ მან მიუთითა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაზე. კალასის მიერ ნახსენები დოკუმენტები, რომლებიც დეკემბერსა და იანვარში გამოქვეყნდა, შეიცავს მოწოდებებს, ევროპაში „განვითარდეს წინააღმდეგობა“ და რომ აუცილებელია ევროპის კონტინენტზე აშშ-ის სამხედრო დახმარების „კალიბრაცია.“
კაია კალასმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, აშშ-სთანურთიერთობებში პრობლემები გადაჭრან არა ორმხრივი ურთიერთობების რეჟიმში, არამედ შეთანხმებულად.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს, რომ აშშ-მ ძალიან მკაფიოდ განაცხადა თავის სურვილზე, გაყოს ევროპა. მას არ მოსწონს ევროპის კავშირი,“ - განაცხადა კალასმა 13 მარტს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ტრამპის ულტრაკონსერვატიულმა მოძრაობა MAGA-მ თავისი მხარდაჭერა გაავრცელა ევროპის კონტინენტის რადიკალურად მემარჯვენე, პოპულისტურ და ევროსკეპტიკურ პარტიებზე.