იტალიამ, საფრანგეთმა და კიდევ შვიდმა ქვეყანამ ევროკომისიას წერილით მიმართეს იმის შესახებ, რომ ხმელთაშუა ზღვაში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერი ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს. ხსენებული ქვეყნები სწრაფი რეაგირების მოწოდებით გამოდიან. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ გემი ხმელთაშუა ზღვაში მიცურავდა, მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შემდგომი ჩართულობა სიტუაციის მოგვარებაში, „კონკრეტულ გარემოებებზე“ იქნება დამოკიდებული.
ევროკავშირის ქვეყნების მიერ ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ Arctic Metagaz-ი, მალტასა და იტალიას შორის მდებარე წყლებში ტივტივებდა. მისი მდგომარეობა კი, „ორმაგ გამოწვევას“ უქმნიდა საზღვაო უსაფრთხოების დაცვას.
„გემის არასტაბილური მდგომარეობა, მისი სპეციალიზებული ტვირთის ბუნებასთან ერთად, ევროკავშირის საზღვაო სივრცის გულში მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფის გარდაუვალ და სერიოზულ რისკს ქმნის,“ - ნათქვამია Reuters-ის მიერ მოპოვებულ წერილში.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ გემი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი იყო, რომელიც 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების გვერდის ავლას ისახავდა მიზნად.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მოსკოვი კონტაქტზე იყო გემის მფლობელთან და უცხოურ „კომპეტენტურ ორგანოებთან.“ მისი თქმით, გემს ეკიპაჟი არ ჰყავდა და მას სხვადასხვა სახის საწვავი და „მნიშვნელოვანი რაოდენობის ბუნებრივი აირი“ გადაჰქონდა.
ზახაროვას განცხადებით, „საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, არსებული სიტუაციის გადაწყვეტასა და ეკოლოგიური კატასტროფის აღკვეთაზე სანაპირო ქვეყნები არიან პასუხისმგებლები.“
ტანკერი Arctic Metagaz-ი 2025 წლიდან სანქცირებულია ევროკავშირის, შვეიცარიის, კანადის და ახალი ზელანდიის მიერაც. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ 4 მარტს განაცხადა, რომ მურმანსკის პორტიდან გასულ ტანკერს მიჰქონდა „ყველა საერთაშორისო წესით გაფორმებული ტვირთი.“ სად, სამინისტროს არ დაუკონკრეტებია.
რუსეთის დროშით მცურავ ტანკერს, რომელსაც გათხევადებული ბუნებრივი გაზი გადაჰქონდა, ხანძარი 3 მარტს გაუჩნდა მალტის ნაპირის მახლობლად. ხანძარს წინ უძღოდა აფეთქება. ეკიპაჟის 30-ივე წევრი, რუსეთის მოქალაქეები მალტის სამაშველო სამსახურმა გადაარჩინა.
რუსეთმა განაცხადა, რომ ტანკერზე „ტერორისტული შეტევა" იყო, კერძოდ, Arctic Metagaz-ს „ლიბიის სანაპიროდან თავს დაესხნენ უკრაინის უეკიპაჟო კატერები”. უკრაინას ეს არ დაუდასტურებია. გამოცემა NewsBook Malta-მ 15 მარტს გამოაქვეყნა დაზიანებული ტანკერის ფოტოები, რომლებზეც ჩანს აფეთქებითა და ხანძრით გამოწვეული მასშტაბური დაზიანებები.