ყაზახეთმა ახალი კონსტიტუციის მიღებას 87.15%-ით დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. კომისიის ცნობით, რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აქტივობამ 73.12% შეადგინა.
ახალი კონსტიტუცია ქვეყნის პარლამენტის ფუნქციონირებას ამარტივებს და ხელახლა ქმნის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას, რომელიც 1996 წელს გაუქმდა.
ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს უფლებას, დანიშნოს ვიცე-პრეზიდენტი და სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები.
დედაქალაქ ასტანაში ხმის მიცემის შემდეგ, შეკითხვას, ხელს შეუწყობს თუ არა კონსტიტუცია ხელისუფლების მომავალ გადაცემას, პრეზიდენტმა თოყაევმა უპასუხა, რომ შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2029 წელს, მისი ვადის ამოწურვის შემდეგ გაიმართება.
„დღეს ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენის მომსწრენი გავხდით.
ყაზახეთის მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღეს რეფერენდუმში და მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო რეფორმას. მათ ხმა მისცეს ჩვენი ქვეყნის მომავალს.
ეგზიტპოლის შედეგები ახლახან გამოქვეყნდა და თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყაზახეთმა ისტორიული არჩევანი გააკეთა ახალი კონსტიტუციის სასარგებლოდ. ამრიგად, ჩვენმა ხალხმა, თავისი ხმის მიცემით, ისტორიის მომავალი და ყაზახეთის ბედი განსაზღვრა. როგორც ერთი ერი, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით სამართლიანი საზოგადოების მშენებლობისკენ, სადაც კანონი, წესრიგი სუფევს და პასუხისმგებლიანი და შემოქმედებითი მოქალაქეები ცხოვრობენ,“ - განაცხადა თოყაევმა.
15 მარტის სარეფერენდუმო კითხვა ასე იყო ჩამოყალიბებული: ეთანხმებით თუ არა ახალ კონსტიტუციას, რომელიც 2026 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნდა. ახალი კონსტიტუცია ძალაში შედის 2026 წლის 1 ივლისიდან, მომდევნო ორი თვის განმავლობაში კი ყაზახეთში უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ძირითადი კანონის მეშვიდე ცვლილება მას შემდეგ, რაც ქვეყანამ სახელმწიფო სუვერენიტეტი მოიპოვა.