ირაკლი კობახიძე უნგრეთში ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.


შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პატრიარქის ეპოქალურ როლს ქვეყნისა და ერის ისტორიაში.


პრემიერ-მინისტრი უნგრეთში დღეს მონაწილეობს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC).

კობახიძის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაეთმობა.


პრემიერის განცხადებით, საქართველოსთვის უნგრეთი მხოლოდ პარტნიორი არ არის, ეს არის ქვეყანა, „რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და მუდამ მზარდი ურთიერთობა, საერთო ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.“


„ვიმედოვნებთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადამწყვეტია არამხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპის მომავლისთვისაც, გაიმართება ბრიუსელის ბიუროკრატიის უხეში ჩარევის გარეშე. დემოკრატიამ უნდა სძლიოს გარე ჩარევას უნგრეთის დემოკრატიულ არჩევნებში.


მსურს, პირადად გადავუხადო მადლობა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. ის არის თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი მებრძოლი; მისი სიტყვები და ქმედებები მუდმივად გამოხატავს პატივისცემასა და ზრუნვას ქართველი ხალხისადმი. რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა. ვიქტორ ორბანის ლიდერობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ, მთელი ევროპისთვის. ამიტომ ვუსურვებ პრემიერ-მინისტრ ორბანს ხანგრძლივ მოღვაწეობას უნგრეთის ლიდერის პოზიციაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.