WP: რუსეთის დაზვერვა ორბანის მკვლელობის ინსცენირებას გეგმავდა არჩევნებამდე მისი რეიტინგის ასაწევად

The Washington Post-ი ევროპული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის დაზვერვა ორბანის მკვლელობის ინსცენირებას გეგმავდა არჩევნებამდე მისი რეიტინგის ასაწევად. გამოცემა აღნიშნავს, რომ ორბანზე ჯერ არ ყოფილა არანაირი ფიზიკური თავდასხმები, მაგრამ მსგავსი იდეა ხაზს უსვამს, თუ რამდენად მაღალია მოსკოვის ფსონი უნგრეთის წინასაარჩევნო კამპანიაში.


გამოცემის ცნობით, მკვლელობის მცდელობის იდეა გაჩნდა იმის გამო, რომ რუსეთის სპეცსამსახურები შეშფოთებული იყვნენ როგორც ორბანის, ასევე, მისი პარტიის რეიტინგის მკვეთრი ვარდნით არჩევნების წინ. 


„აპრილში უნგრეთში საკვანძო არჩევნებამდე, რუსეთის საგარეო დაზვერვის ქვედანაყოფმა გასულ თვეს განგაში ატეხა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საზოგადოებრივი მხარდაჭერის მკვეთრი ვარდნის გამო, რომლის მეგობრული კავშირები მოსკოვთან დიდი ხანია აძლევენ კრემლს სტრატეგიულ საყრდენს NATO-სა და ევროკავშირში…


რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის შიდა ანგარიშში, რომელიც ევროპულმა სადაზვერვო სამსახურმა მიიღო და დაადასტურა, და რომელიც გაზეთმა The Washington Post-მა ნახა, [რუსმა] აგენტებმა შესთავაზეს გზა, რომ “ფუნდამენტურად შეიცვალოს საარჩევნო კამპანიის მთელი პარადიგმა“ – „ვიქტორ ორბანის მკვლელობის მცდელობის ორგანიზება,” - წერს ამერიკული გამოცემა.


2024 წელს უნგრეთის მეზობელ სლოვაკეთში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობა იყო, თუმცა თავდასხმა არჩევნებთან არ იყო დაკავშირებული და არანაირი გავლენა არ მოუხდენია პოლიტიკოსის მოწონების რეიტინგზე. თავდამსხმელმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება მთავრობის პოლიტიკას.