ევროკომისიამ მიიღო წინადადება, რომელიც ევროკავშირისთვის „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალის“ დამფუძნებელი წევრის სტატუსის მინიჭების პროცესის დაწყებას ითვალისწინებს.
ევროკომისიის ინფორმაციით, როგორც კი წევრი სახელმწიფოები დაამტკიცებენ ხსენებულ წინადადებას, ევროკომისია შეძლებს, გამოაცხადოს ევროკავშირის განზრახვა, შეუერთდეს ტრიბუნალს, როგორც დამფუძნებელი წევრი.
ამის შემდეგ ევროკავშირი ცენტრალურ როლს შეასრულებს ტრიბუნალის საქმიანობაში, მათ შორის, როგორც მმართველი კომიტეტის წევრი, რომელიც სპეციალურ ტრიბუნალს უხელმძღვანელებს.
ევროკომისია განმარტავს, რომ ევროკავშირმა წამყვანი როლი შეასრულა სპეციალური ტრიბუნალის დამფუძნებელი სამართლებრივი ტექსტების შემუშავებაში, რომლებიც სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საერთაშორისო კოალიციამ 2025 წლის 9 მაისს პოლიტიკურად დაამტკიცა.
„კომისია ასევე მხარს უჭერს აგრესიის დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის აღებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრის მეშვეობით და 10 მილიონი ევროს შენატანის გაღებას სპეციალური ტრიბუნალის წინასწარი მომზადების ჯგუფისთვის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„სპეციალურ ტრიბუნალს ექნება მანდატი, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელოს მაღალი რანგის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების მიმართ. ის იქმნება ევროპის საბჭოს ფარგლებში, მას შემდეგ, რაც 2025 წლის 25 ივნისს უკრაინასა და ევროპის საბჭოს შორის ხელი მოეწერა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას,“ - წერს ევროკომისია.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ აგრესიის მსხვერპლთათვის სამართლიანობის აღდგენა მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი საუკეთესო გზაა.
„აგრესიის მსხვერპლთათვის სამართლიანობის აღდგენა მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი საუკეთესო გზაა. სამართლიანობის აღდგენა, ასევე, შემაკავებელი ფაქტორია პოტენციური აგრესორებისთვის. იმ დროს, როდესაც საერთაშორისო სამართალი ისტორიულად დიდი ზეწოლის ქვეშაა, სწორი რეაგირება მეტი პასუხისმგებლობაა და არა ნაკლები. სამართლებრივი პროცესის დაწყება - როგორც ახლა უკრაინის შემთხვევაში ვაკეთებთ - დროს, ძალისხმევას და მაქსიმალურად ფართო საერთაშორისო მხარდაჭერას მოითხოვს, მაგრამ ღირს,“ - განაცხადა კალასმა.