ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ისრაელის პოლიციის გადაწყვეტილება „რელიგიური თავისუფლების დარღვევად“ შეაფასა.
საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, იერუსალიმის ლათინ პატრიარქს აღდგომის ტაძარში ბზობის წირვაზე დასწრება შეუზღუდა.
„იერუსალიმში თაყვანისცემის თავისუფლება გამონაკლისის გარეშე ყველა რელიგიისთვის სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. იერუსალიმის მრავალრელიგიური ხასიათი უნდა იყოს დაცული,“ – წერს კაია კალასი სოციალურ ქსელში.
კარდინალისთვის მაცხოვრის წმინდა საფლავის ტაძარში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ გააკრიტიკა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „არამხოლოდ მორწმუნეების, არამედ, ყველა იმ თემის შეურაცხყოფაა, რომელიც რელიგიურ თავისუფლებას აღიარებს.“ გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც დაგმო და განაცხადა, რომ იერუსალიმში რელიგიური რიტუალების ჩატარების თავისუფლება ყველა რელიგიის წარმომადგენლისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს.
გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ლათინი პატრიარქისთვის აღდგომის ტაძარში შესვლის აკრძალვა ქრისტიანებისთვის მიუღებელია.
ცნობისთვის, ისრაელის პოლიციის თანამშრომლებმა იერუსალიმის ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას და წმინდა მიწის მცველს მამა ფრანჩესკო იელპოს, იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში ბზობის წირვის აღსანიშნავად შესვლაში ხელი შეუშალეს.
ისრაელის მთავრობის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა ბალისტიკური რაკეტებით არაერთხელ მიიტანა იერიში იერუსალიმში სამივე მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილებზე და ერთ-ერთი დარტყმის დროს რაკეტის ფრაგმენტები აღდგომის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა. მათივე განცხადებით, მუშავდება გეგმა, რომელიც ეკლესიის ლიდერებს აღდგომის ტაძარში ლოცვის უფლებას მისცემს.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, იერუსალიმის ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას იერუსალიმის მაცხოვრის წმინდა საფლავის ტაძარში შესვლის საშუალება ექნება.
ნეთანიაჰუს თქმით, შესაბამის ორგანოებს დაავალა, ლათინ პატრიარქს წმინდა საფლავის ეკლესიაზე „სრული და დაუყოვნებელი წვდომა“ მიენიჭოს, რათა მან წირვა-ლოცვის ჩატარება სურვილისამებრ შეძლოს.
ისრაელის პრემიერმა განმარტა, რომ კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას მისივე უსაფრთხოების გამო სთხოვეს, ეკლესიაში არ შესულიყო. ნეთანიაჰუს თქმით, ირანმა არაერთხელ დაბომბა იერუსალიმის წმინდა ადგილები ბალისტიკური რაკეტებით.