ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა.
„მაშინ, როდესაც რუსეთი თავის აგრესიას აძლიერებს, ჩვენ მამაცი უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას ვაძლიერებთ, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს თავი დაიცვას და რუსეთის ომის ეკონომიკაზე ზეწოლას ახდენს,“ - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
დღესვე, საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტიც დაამტკიცა.
„დღეს ჩვენი თავდაცვისა და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი დღეა, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის საბჭოს მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დამტკიცებას.
„უკრაინისთვის განკუთვნილი ევროპული დახმარების 90 მილიარდი ევროს სესხი განბლოკილია. ეს პაკეტი გააძლიერებს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, გახდის უკრაინას უფრო ძლიერს და საშუალებას მოგვცემს შევასრულოთ სოციალური ვალდებულებები,“ - წერს ზელენსკი X-ზე.
„ასევე, კვიპროსში შეხვედრების დროს, პარტნიორებთან ერთად რუსეთზე შემდგომი სანქციების მეშვეობით ზეწოლის საკითხებს განვიხილავთ. მე-20 პაკეტი განბლოკილია და მას სანქციების სხვა ნაბიჯები უნდა მოჰყვეს,“ - აცხადებს ზელენსკი.
უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვეტო მოხსნეს მას შემდეგ, რაც უკრაინამ მათი ქვეყნების მიმართულებით მილსადენი "დრუჟბას" მეშვეობით რუსული ნავთობის მიწოდება აღადგინა.