სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს ერევანში წარმატებით დასრულდა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტი, რომელმაც გააერთიანა ლიდერები მთელი კონტინენტიდან და მის ფარგლებს გარეთ. მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და პარტნიორებს ფორუმის ორგანიზებისთვის.
„მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ევროკავშირის მიმართ, სამიტის ერთობლივი ორგანიზების საქმეში მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის, ასევე კონტინენტის მიღმა მყოფ პარტნიორებს - ამ ფორმატის გეოგრაფიის გაფართოებისთვის,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.
ფაშინიანი ასევე შეეხო რეგიონულ პროცესებს.
„მინდა, ხაზი გავუსვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის დისტანციურ მონაწილეობას და თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის დასწრებას სამშვიდობო პროცესისა და რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, დისკუსიებმა დაადასტურა დიალოგის საჭიროება.
„დღევანდელმა დისკუსიებმა დაადასტურა, რომ მსოფლიოში მზარდი გამოწვევების პირობებში არსებობს გულწრფელი დიალოგისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების საჭიროება ყველა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად,“ - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ყურადღების ცენტრში იყო უსაფრთხოება, ურთიერთკავშირი, რეგიონული თანამშრომლობა, ეკონომიკის მდგრადობა, ენერგეტიკა და მწვანე ენერგიაზე გადასვლა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ურთიერთკავშირის მნიშვნელობას.
„ურთიერთკავშირს ცენტრალური მნიშვნელობა აქვს კონტინენტზე ეკონომიკური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და გრძელვადიანი მდგრადობისთვის,“ - განაცხადა სოხეთის პრემიერმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგეტიკულ სფროში მიზნების წინსვლის კონტექსტში ურთიერთკავშირის გაძლიერება საერთო პრიორიტეტადაა აღიარებული.
სამხრეთ კავკასიაზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობა. „სტაბილური მშვიდობა, ურთიერთობების ნორმალიზება და საზღვრების გახსნა სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ რეგიონს, არამედ განამტკიცებს კავშირებსა და თანამშრომლობას უფრო ფართო ევროპულ სივრცეში და მის ფარგლებს გარეთ,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.
მანვე დაამატა, რომ ასევე განიხილეს ჰიბრიდული საფრთხეების თემა.
„დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ, როგორ უნდა ებრძოლონ დემოკრატიული ქვეყნები ჰიბრიდულ საფრთხეებს,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი გააგრძელებს თავისი ინიციატივების წამოწევას რეგიონში.
„სომხეთი აგრძელებს იმ ინიციატივების წინ წამოწევას, რომლებიც მიმართულია ინკლუზიური კავშირების გაფართოებისა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისკენ,“ - თქვა მან.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ფორმატის მნიშვნელობა.
„სამიტმა დაადასტურა, რომ ევროპული პოლიტიკური საზოგადოება არ არის მხოლოდ დიალოგის ფორმატი, არამედ პლატფორმა ნდობის განსამტკიცებლად და თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად უფრო კოორდინირებული და შორსმჭვრეტელი ევროპული დღის წესრიგის ჩამოსაყალიბებლად,“ - განაცხადა მან.
ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ ერევანში გამართულ დისკუსიებს ხანგრძლივი გავლენა ექნება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ერევნის დისკუსიები ამ სამიტის ფარგლებს გასცდება და ჩამოაყალიბებს ჩვენს შემდგომ თანამშრომლობასა და საერთო გაგებას კონტინენტზე,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
დღეს, 4 მაისს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა „ევროპის პოლიტიკური საზოგადოების“ (EPC) სამიტი, რომელსაც ესწრებიან ევროკავშირის, წევრი ქვეყნების, რეგიონის ქვეყნებისა და ბრიტანეთისა და კანადის პირველი პირები. ფორმატი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა და სომხეთი მის მერვე სამიტს მასპინძლობს. სამიტის თანათავმჯდომარეები არიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.
ღონისძიების სლოგანია „მომავლის შენება: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში.“