ანდრი ერმაკს საპატიმრო გირაო შეეფარდა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ანდრი ერმაკს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.


მას 60 დღით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, გირაოს გადახდის შესაძლებლობით.

უკრაინული მედიის ცნობით, ანტიკორუფციულმა სასამართლომ გირაოს სახით 140 მილიონი გრივნა დააწესა.


გირაოს გადახდის შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს გაათავისუფლებენ და მას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ერმაკს აცნობეს, რომ ეჭვმიტანილია ფულის გათეთრების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეში. ხსენებული დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის განცხადებით, ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდებს. ერმაკის თქმით, გირაოს შესატანად საჭირო თანხა არ აქვს და შეეცდება, თანხა „მეგობრებსა და ნაცნობებს შორის“ მოიძიოს.


ანდრეი ერმაკმა პროცესზე აღნიშნა, რომ ყველა ბრალდებას უარყოფს.

„მე უკრაინაში ვრჩები. დასამალი არაფერი მაქვს. ყველაფერი, რაც ამ პროცესის ირგვლივ ხდებოდა, იმ ზეწოლის შედეგია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა,“ - განაცხადა ერმაკმა სასამართლო პროცესზე.


ანდრი ერმაკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისს 2020 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა 2025 წლის ნოემბერში დატოვა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში „მასშტაბური კორუფციის გამოვლენის“ შემდეგ. „მიდასის" სახელით ცნობილ ამ საქმეში ერმაკიც ფიგურირებს.