ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ მწვანე შუქი აუნთო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი ეტაპის დაწყებას. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ 4 ივნისს, მას შემდეგ განაცხადა, რაც კიევსა და ბუდაპეშტს შორის მთავარი დაბრკოლება მოიხსნა.
კერძოდ, უკრაინამ და უნგრეთმა მიაღწიეს შეთანხმებას ქვეყნის უნგრულენოვანი უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შემდეგი ეტაპი ივნისის შუა რიცხვებში გაგრძელდება. როგორც FT წერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე 17-თვიანი ვეტო მოუხსნა.
„ჩვენ მივაღწიეთ გარღვევას უკრაინასთან ეთნიკური უმცირესობის ენობრივ, კულტურულ და საგანმანათლებლო უფლებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში,“ - განაცხადა მადიარმა პარიზში, ოფიციალური ვიზიტის დროს.
პიტერ მადიარის წინამორბედის ვიქტორ ორბანის მმართველობის დროს, უნგრეთი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბლოკავდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერ პროგრესს.
„100 000 უნგრელი დაიბრუნებს თავის ფუნდამენტურ უფლებებს,“ - განაცხადა მადიარმა და განმარტა, რომ უკრაინა დათანხმდა ამ შეთანხმების პირობების კანონმდებლობაში და ასევე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების სამოქმედო გეგმაში ასახვას და თუ ეს მოხდება, მაშინ უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი თავის გახსნას. თუმცა როგორც Reuters-ი წერს, მადიარის მთავრობა არ უჭერს მხარს უკრაინისთვის გაწევრიანების შესახებ დაჩქარებულ მოლაპარაკებებს.
„პრემიერ-მინისტრ მადიარის მიერ უნგრეთსა და უკრაინას შორის უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ შეთანხმების გამოცხადება გზას უხსნის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესს,“ - დაწერა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა მარტა კოსმა X-ზე.