ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ამზადებს ზომებს სომხეთის მხარდასაჭერად რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის პირობებში. ეს მოიცავს 50 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის საგანგებო ფინანსურ დახმარებას.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სომხეთის საქონელზე საექსპორტო შეზღუდვების გაფართოებით, მოსკოვი ეკონომიკურ კავშირებს იყენებს იარაღად პოლიტიკური ზეწოლისთვის.
„ჩვენ ეს სცენარი ძალიან კარგად ვიცით. და ევროპა ამიტომაც დგას მტკიცედ სომხეთის მხარეს," - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
ხუთშაბათს, 4 ივნისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ლაიენმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
„პაკეტი ითვალისწინებს გამარტივებულ სავაჭრო პირობებს რიგი სომხური საქონლისთვის, განსაკუთრებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისთვის, ასევე, პრაქტიკულ მხარდაჭერას დაზარალებული სექტორებისთვის, როგორიცაა, ყვავილების მოყვანა,“ - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
მანვე განაცხადა, რომ 5 ივნისს, ლატვიაში 10 000 სომხური ყვავილის პარტია ჩავა და მას კიდევმეტი მიჰყვება. ლაიენმა ასევე გამოთქვა ევროკავშირის მზადყოფნა, დაეხმაროს სომხეთს „ინფრასტრუქტურისა და სასაზღვრო გადასასვლელების განვითარებაში, რეგიონული სატრანსპორტო კავშირების აღდგენის პარალელურად“, განსაკუთრებით — თურქეთთან. „ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრიორიტეტებზე ერთად მუშაობას ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის პლატფორმის მინისტერიალზე, რომელიც 23 ივნისს გაიმართება,“ - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.