რა წერია NATO-ს სამიტის დეკლარაციაში

NATO-ს სამიტის დეკლარაციის მიღებით ალიანსი „კოლექტიური თავდაცვის შესახებ მე-5 მუხლის მიმართ ურყევ ერთგულებას ადასტურებს.“


„ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს. ჩვენი ერთიანობა, სოლიდარობა და კოლექტიური სიძლიერე ჩვენი ალიანსის ერთი მილიარდი მოქალაქისთვის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საფუძვლად რჩება,“ - ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც ანკარაში მიიღეს.


დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მოკავშირეები ახალი სამხედრო მარაგების შესაძენად 50 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფენ და კოლექტიური წარმოების გაფართოების ვალდებულებას იღებენ.


„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მოკავშირეებს შორის თავდაცვის სფეროში სავაჭრო ბარიერების აღმოსაფხვრელად. ჩვენ მომავალს ვაშენებთ: უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერ NATO-ში — მოდერნიზებულ ალიანსს. ევროპელი მოკავშირეები და კანადა, აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, ალიანსის თავდაცვაზე მეტ პასუხისმგებლობას იღებენ,“ - წერია ანკარის სამიტის დეკლარაციაში.


„ჩვენ ვალდებულნი ვართ, შევინარჩუნოთ ჩვენი საბრძოლო უპირატესობა. ჩვენ ინვესტიციებს ვახდენთ ჩვენი შეიარაღებული ძალების განლაგების, შესაძლებლობების გაზრდისა და შენარჩუნების, ჩვენი შესაძლებლობების მიზნების მისაღწევად, ყველა სფეროში, მათ შორის ღრმა სიზუსტის დარტყმებში, ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაში, უპილოტო სისტემებში, უახლეს ტექნოლოგიებსა და სადაზვერვო შესაძლებლობებში. ჩვენ ვავითარებთ თავსებად ტრანსატლანტიკურ მოდელს და ვიყენებთ ხელოვნური ინტელექტის ძლიერ მოდელებს.


მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს უნდა ჰქონდეს.


„მოკავშირეები ირანს მოუწოდებენ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლებას პატივი სრულად სცეს,“ - აღნიშნულია დეკლარაციაში.


უკრაინა

ანკარის სამიტზე NATO-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისადმი გრძელვადიანი მხარდაჭერა.


ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის რუსეთის მიერ შექმნილი გრძელვადიანი საფრთხის, ასევე, ტერორიზმის მუდმივი საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად ალიანსის წევრი ქვეყნები ჰააგაში აღებულ თავდაცვის ვალდებულებებს ასრულებენ. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უკრაინა ხელს უწყობს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და მოკავშირეები ერთიანად უჭერენ მხარს უკრაინას.


„უკრაინას წვლილი შეაქვს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში და მოკავშირეები ერთიანნი არიან უკრაინისადმი ურყევ მხარდაჭერაში მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.


დეკლარაციის თანახმად, ევროპელი მოკავშირეები და კანადა ამჟამად უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების დიდ ნაწილს ორმხრივი და მრავალმხრივი საშუალებებით აფინანსებენ.


„მოკავშირეები ხაზს უსვამენ, რომ ეს მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში სამართლიანი, პროგნოზირებადი და მდგრადი უნდა იყოს. 2026 წლისთვის მოკავშირეები უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის, დახმარებისა და წვრთნის უზრუნველყოფის პირობას დებენ და ადასტურებენ თავიანთ სუვერენულ ვალდებულებებს, რომ 2027 წელსაც შეინარჩუნებენ სულ მცირე იმავე დონის მხარდაჭერას. ამ მიზნით, მივესალმებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას „უკრაინის მხარდაჭერის სესხის“ მეშვეობით, უკრაინისთვის მრავალწლიანი დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია დეკლარაციაში.


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ ანკარაში სამიტმა კონკრეტული შედეგები გამოიღო უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების კუთხით, პირველ რიგში ბალისტიკური რაკეტებისგან თავაცვაში.


სიბიჰას თქმით, პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებების მთავარი პრიორიტეტი იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება.

„ჩვენი საჰაერო თავდაცვის პოტენციალის გასაძლიერებლად ანტიბალისტიკური შესაძლებლობების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია,“ - განაცხადა სიბიჰამ.


მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყნებთან, რომლებიც ფლობენ PAC-3 რაკეტებს Patriot-ის სარაკეტო სისტემებისთვის, რათა დააჩქარონ მათი კიევისთვის გადაცემა. გარდა ამისა, განიხილება უკრაინაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შიდა წარმოების შექმნა. სიბიჰას თქმით, უკვე არსებობს გაგება, თუ როგორ დასრულდეს ეს პროექტი მოკავშირეების მხარდაჭერით.


დღესვე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანკარაში განაცხადა, რომ აშშ გეგმავს უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭებას. მისი თქმით, აშშ უკრაინას "აჩვენებს, როგორ აწარმოოს ისინი."


თავის მხრივ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ სამიტის პლენარული სხდომის გახსნისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სრულად ერთგული რჩება ალიანსის.


რუტემ ასევე მოუწოდა რუსეთს და ვლადიმერ პუტინს, ნუ ეთამაშებიან ალიანსს. რუტემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება, იყოს მისი გზავნილი რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის მიმართ.


„ჩემი გზავნილია, რომ ეს ალიანსი, რომელიც შედგება ევროპაში, კანადასა და შეერთებულ შტატებში მცხოვრები მილიარდი ადამიანისგან, დაიცავს ჩვენი ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს. თქვენ ვერ დაამარცხებთ NATO-ს. ჩვენ თავდაცვითი ხასიათის ადამიანები ვართ, ჩვენ არასდროს არავის დავესხმებით თავს. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ცხოვრების წესს, ჩვენს დემოკრატიებს, ჩვენს ტერიტორიას დავიცავთ. ასე რომ, ნუ გვეთამაშებით,“ - აღნიშნა რუტემ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა 7-8 ივლისს NATO-ს სამიტს უმასპინძლა.