საქართველო და ყაზახეთი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების ელექტრონულ გაცვლას იწყებენ

ყაზახეთი და საქართველო 2026 წლის 22 ივლისიდან საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებისთვის ნებართვების ელექტრონულ გაცვლას საპილოტე რეჟიმში დაიწყებენ. შესაბამისი შეთანხმება ასტანაში, ყაზახეთ-საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის საკითხებზე ერთობლივი კომისიის შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა. იუწყება qazinform-ი ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით.


ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ნებართვებს საპილოტე რეჟიმში e-Permit-ის ციფრული სისტემის მეშვეობით გასცემენ და გაცვლიან.


მხარეებმა ასევე დაადასტურეს, რომ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სრულად ამოქმედების შემდეგ ნებართვების შეუზღუდავი კვოტა დაწესდება.


გადამზიდავების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2026 წლისთვის დამატებით 6 000 სანებართვო დოკუმენტს გაცვლიან. ასევე დამტკიცდა 2027 წლისთვის 20 500 ნებართვის წინასწარი კვოტა, რაც წინა პერიოდთან შედარებით 6 000-ით მეტია.


ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, კიდევ უფრო გააფართოოს თანამშრომლობა სატრანსპორტო სფეროში და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საავტომობილო გადაზიდვების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.