ყაზახეთმა კასპიის ზღვაზე ახალი საკონტეინერო ჰაბი გახსნა

კასპიის ზღვაზე მდებარე აქტაუს პორტში ახალი საკონტეინერო ტერმინალი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის რკინიგზა (KTZ) ავრცელებს.


კომპანიის ცნობით, ტერმინალის ოპერირება პირველი საკონტეინერო მატარებლის მომსახურებით დაიწყო.


KTZ-ის ინფორმაციით, ახალი ტერმინალის ამოქმედება ყაზახეთის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოების ნაწილია და მიზნად ისახავს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) გამტარუნარიანობის გაზრდას. პროექტი ხელს შეუწყობს კონტეინერული ტვირთების უფრო ეფექტიან დამუშავებას, პორტის გამტარუნარიანობის ზრდას და აზიასა და ევროპას შორის სატრანზიტო მარშრუტებში ყაზახეთის როლის გაძლიერებას.


„საკონტეინერო ჰაბის მშენებლობა 2024 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ „ყაზახეთის რკინიგზა“ (KTZ), აქტაუს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი და Lianyungang Port Group,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.


პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში მოეწყო საკონტეინერო მოედანი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სატვირთო ტექნიკით, მათ შორის ორი საკონტეინერო ხიდური ამწით (gantry crane), ასევე ტერმინალის მართვისა და ტვირთნაკადების კონტროლის სისტემებით.


პირველი ეტაპის დასრულების შედეგად, პორტის წლიური გამტარუნარიანობა 140 000 TEU-მდე გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო მატარებლების მომსახურების დრო შემცირდა.


 

  • ახალი საკონტეინერო ჰაბი ყაზახეთის სატრანსპორტო ქსელს ჩინეთთან და კასპიის ზღვის მარშრუტთან აკავშირებს. ჰაბი დაკავშირებულია ჩინეთის ლიანიუნგანის პორტსა და ხორგოსის მშრალ პორტთან. ტვირთები კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი საქართველოს გავლით თურქეთსა და ევროპისკენ მიემართება.