კასპიის ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ოპტიკურ-ბოჭკოვანმა კაბელმა ყაზახეთის სანაპიროს მიაღწია

კასპიის ზღვის ფსკერზე ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის მშენებლობის მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა — აქტაუ–სუმგაითის მარშრუტზე გაყვანილმა წყალქვეშა კაბელმა ყაზახეთის სანაპიროს მიაღწია.


ამის შესახებ ყაზახეთის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით Report-ის ყაზახეთის ბიურო იუწყება.


სამინისტროს განცხადებით, პროექტს ახორციელებენ Kazakhtelecom JSC და AzerTelecom International. ახალი მაგისტრალური ქსელი ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ციფრულ ინფრასტრუქტურას დააკავშირებს და აზიასა და ევროპას შორის მონაცემთა გადაცემის პირდაპირ, მაღალსიჩქარიან არხს შექმნის. უწყების შეფასებით, ეს გააუმჯობესებს საერთაშორისო კავშირის საიმედოობას და ორივე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს გააძლიერებს.


წყალქვეშა კაბელის გაყვანის სამუშაო 2026 წლის ივლისში დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამჟამად მიმდინარეობს კაბელის სანაპირო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირება.

სახმელეთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულება, ასევე სისტემის ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წლის შემოდგომისთვის არის დაგეგმილი.


პროექტის მშენებლობასა და შემდგომ ოპერირებას მართავს CaspiLink B.V., რომელიც Kazakhtelecom-ისა და AzerTelecom International-ის ერთობლივი საწარმოა. პროექტი სრულად ფინანსდება კომპანიების საკუთარი სახსრებით და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებას არ ითვალისწინებს.