ფაშინიანი: თუ რუსეთი სომხეთიდან თავისი სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, წინააღმდეგი არ ვიქნებით

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი წინააღმდეგი არ იქნება, თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს. ამის შესახებ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.


„ჩვენ ამ პერიოდში რუსეთის სამხედრო ბაზის საკითხი არცერთხელ არ დაგვიყენებია და საქმე ისეც არ არის, რომ მივიჩნევდეთ, თითქოს რუსული 102-ე სამხედრო ბაზის ყოფნა სომხეთის ტერიტორიაზე სასიცოცხლო აუცილებლობაა. თუ რუსეთი სომხეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით, მაგრამ თუ დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, ჩვენ მზად ვართ, ესეც განვიხილოთ. თუმცა ჩვენ ამ პერიოდში ეს საკითხები არასოდეს დაგვიყენებია,“ - განაცხადა ფაშინიანმა.


შეგახსენებთ, რომ ბიშკეკში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის თემას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმიერ პუტინიც შეეხო. მისი თქმით, თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული სამხედრო ბაზა არ სჭირდება, მათ შეუძლიათ, ხვალვე წავიდნენ.


„მზად არის კი სომხეთი ამისთვის? კი ბატონო, ჩვენ არავის არაფერს მოვახვევთ თავს. ხოლო თუ სომეხ ხალხს სურს, რომ მის გვერდით რუსეთის სამხედრო „ფრთა“ ჰქონდეს, ჩვენ დავრჩებით, ვიმუშავებთ და ვითანამშრომლებთ,“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა სომხეთის ქალაქ გიუმრიში 1995 წელს, სომხეთსა და რუსეთს შორის 16 მარტს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განთავსდა. ბაზა საბჭოთა პერიოდში გიუმრიში (მაშინდელ ლენინაკანში) განლაგებული 127-ე მოტომსროლელი დივიზიის ბაზაზე შეიქმნა. შეთანხმება თავდაპირველად რუსი სამხედროების სომხეთში ყოფნას 25 წლით ითვალისწინებდა. 2010 წელს ბაზის ყოფნის ვადა 2044 წლამდე გახანგრძლივდა.