ყაზახეთი და აზერბაიჯანი კასპიის ზღვაზე საბორნე მიმოსვლას განაახლებენ

ყაზახეთი და აზერბაიჯანი კასპიის ზღვაზე სამგზავრო საბორნე მიმოსვლის აღდგენას გეგმავენ. ამის შესახებ აზერბაიჯანში ყაზახეთის ელჩმა ალიმ ბაიელმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, ყაზახურმა მხარემ აზერბაიჯანს შესთავაზა სამგზავრო საბორნე მიმოსვლის აღდგენა მარშრუტზე: პორტი კურიკი – პორტი ბაქო – პორტი კურიკი. აღნიშნული მიმოსვლა 2020 წლამდე ფუნქციონირებდა, თუმცა ის COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერდა.


ალიმ ბაიელმა აღნიშნა, რომ მიმოსვლის შეჩერებამდე კასპიის ზღვაზე საბორნე მარშრუტით წელიწადში დაახლოებით 1 500 მგზავრი სარგებლობდა. ის იმედოვნებს,  რომ უახლოეს პერიოდში ამ მარშრუტით მგზავრობით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება.


საბორნე მიმოსვლის აღდგენა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სამგზავრო კავშირების განვითარებას, ტურისტული ნაკადების ზრდას და „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) შესაძლებლობების გაფართოებას. ელჩმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ყაზახეთის წინადადებას მხარი დაუჭირა. ამჟამად ორივე ქვეყნის სატრანსპორტო უწყებები მუშაობას შეუდგნენ, რათა სამგზავრო მიმოსვლა რაც შეიძლება მალე აღდგეს.