ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიიდან ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღების საკითხზე შეთანხმდნენ.
Reuters-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი რუსეთთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს სანქციებს მოუხსნიდა, იმ პირობით, თუ მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნის არცერთი მთავრობა არ გამოთქვამდა წინააღმდეგობას.
დიპლომატების ცნობით, შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირი ათასობით რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს სამი წლის ვადით გაახანგრძლივებს.
როგორც ცნობილია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გახანგრძლივებას ხელს სწორედ უსმანოვისა და ფრიდმანის სიიდან ამოღების საკითხი უშლიდა. გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკეთი სიიდან ორივე მათგანის ამოღებას ითხოვდა, ხოლო საფრანგეთმა უსმანოვის საკითხი დააყენა.
ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა 22 სექტემბერს, შუაღამისას იწურება.