საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი თურქეთთან ენერგეტიკული ინტეგრაციის საკითხს განიხილავენ — მედია

თბილისში, ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმის (WFER IX) ფარგლებში, სომხეთის საჯარო მომსახურების მარეგულირებელი კომისიის (PSRC) თავმჯდომარე მესროპ მესროპიანი შეხვდა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პრეზიდენტ პედრო ვერდელჰოსა და პროგრამა EU4Energy-ის წარმომადგენლებს.


სომხური მედიის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) თავმჯდომარე დავით ნარმანია და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელი სააგენტოს (AERA) საბჭოს თავმჯდომარე სამირ ახუნდოვი.


მედიის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგოსისტემების უფრო მეტი ინტეგრაციისა და რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონის ენერგოსისტემების თურქეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირების მიმართულებით გადასადგმელი შესაძლო ნაბიჯების შესახებ.


აღსანიშნავია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემები ერთმანეთთან დაკავშირებას „TRIPP“-ის პროექტის ფარგლებში გეგმავენ.