ევროკავშირის საბჭომ სომხური პროდუქციისთვის ვაჭრობის ლიბერალიზაციის დროებითი ზომები დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომოფიციალურად დაამტკიცა სომხური პროდუქციისთვის ვაჭრობის ლიბერალიზაციის დროებითი ზომები, რათა მხარი დაუჭიროს სომხეთის ეკონომიკას რუსეთის მიერ ახლახან დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების ფონზე.


ევროკავშირის საბჭოს ცნობით, ეს ზომები უზრუნველყოფს ევროკავშირში სომხური ექსპორტის დაახლოებით 80%-ის ლიბერალიზაციას და აუქმებს იმპორტის გადასახადებს პროდუქციის ფართო სპექტრზე, მათ შორის გარკვეულ სასოფლო-სამეურნეო საქონელზე.


ეს დროებითი საშეღავათო რეჟიმი ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს. აღნიშნული დროებითი ზომები ხელს შეუწყობს სომხეთიდან ევროკავშირის მიმართულებით სავაჭრო ნაკადების მხარდაჭერასა და გაძლიერებას, რაც შეესაბამება ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) მიზნებს.


შეღავათიანი რეჟიმი გარკვეულ პირობებს ეფუძნება და მოიცავს დამცავ ზომებს ევროკავშირის ბაზრის დასაცავად იმ შემთხვევისთვის, თუ იმპორტი უარყოფით გავლენას მოახდენს ევროკავშირის მწარმოებლებზე. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს კომისიის წინადადებას ყოველგვარი ცვლილების გარეშე.


„ჩვენ ვაძლიერებთ მხარდაჭერას სომხეთისა და მისი ხალხის მიმართ, რომლებმაც, მიუხედავად გარე ზეწოლისა, მკაფიოდ აირჩიეს პროევროპული გზა. დღევანდელი გადაწყვეტილება დაეხმარება სომხეთის ეკონომიკას, რომელიც სავაჭრო შეზღუდვებით დაზარალდა, და აჩვენებს, რომ ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის შეუძლიათ, ევროკავშირის იმედი ჰქონდეთ,“ — განაცხადა ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა ჰელენ მაკენტმა.