აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებით, დონეცკის ოლქში არსებული უკრაინის თავდაცვითი ხაზი რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის ბოლო ზღუდეა, რომლის დათმობის შემთხვევაშიც კიევისკენ გზა გაიხსნება. მისი თქმით, სწორედ ამ ტერიტორიის კონტროლია რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ეს თემა მან გამოცემა Breitbart-თან ინტერვიუში განიხილა.
მისი განცხადებით, „სინამდვილეში, ეს ომი უკრაინის ერთ ნაწილს — დონეცკის ოლქს ეხება. რუსეთს ამ ტერიტორიის თითქმის მთელი ნაწილი აქვს ოკუპირებული და მხოლოდ დაახლოებით 11%-ს ვერ აკონტროლებს.“ ამავე ინტერვიუში რუბიო ამბობს, რომ ამ ომში ვერავინ იმარჯვებს.
- Europetime ინტერვიუს იმ ნაწილს გთავაზობთ, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს ეხება.
_როგორ აფასებთ ბოლო მოვლენებს: პრეზიდენტმა რუსეთთან დიზელთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია და ორივე მხარეს მოუწოდა, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შეეწყვიტათ. როგორც ჩანს, არცერთი მხარე ამ მოწოდებას არ ასრულებს. პირველ რიგში, ზოგადად რომ შევხედოთ საკითხს, რეალურად როგორ შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება? ამასთან, ცოტა მეტი გვითხარით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ბოლო მოვლენებზეც.
სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო: დიახ. ნება მომეცით, ეს საკითხი ორ ნაწილად გავყო, რადგან ორივე მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია.
დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანით: საბოლოო ჯამში, შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ყველა ჩვენგანის, ვინც მის ადმინისტრაციაში ვმუშაობთ, მოვალეობაა, უზრუნველვყოთ, რომ ყველაფერზე წინ აშშ-ის ეროვნული ინტერესები იდგეს. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. სხვა ქვეყნისთვის ან სხვა კონტინენტისთვის სასარგებლოზე წინ ამერიკისთვის სასარგებლო უნდა დავაყენოთ. ასე უნდა იყოს, რადგან თუ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს თავად არ დავიცავთ, ამას სხვა არავინ გააკეთებს.
სხვათა შორის, ველი, რომ ყველა ქვეყანა სწორედ ასე იმოქმედებს. მაგალითად, ველი, რომ კოლუმბიის მთავრობა პრიორიტეტად კოლუმბიის ეროვნულ ინტერესებს დააყენებს. ამიტომ ჩვენც ჩვენი ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა, ნომერ პირველ პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ.
ეს არ ნიშნავს, რომ განზრახ ვეძებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სხვა ქვეყნებისთვის საზიანო იქნება. იმედია, ის, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, სხვა ქვეყნების ინტერესებსაც შეესაბამება. მაგრამ თუ არჩევანის გაკეთება მოგვიწევს, ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ უნდა ვიმოქმედოთ.
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, დღეს გლობალურ ეკონომიკას დიზელის უფრო დიდი მიწოდება სჭირდება. ეს გადაწყვეტილება ადრეც მივიღეთ და პრეზიდენტმა მისი კიდევ ერთხელ მიღება გადაწყვიტა: სანქციების მოქმედება 30 დღით შეჩერდება, რათა რუსეთიდან დიზელის უფრო დიდი მოცულობის მიწოდება გლობალურ ბაზარზე გახდეს შესაძლებელი.
ეს გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებსაც დაეხმარება და სხვა ქვეყნებსაც. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ კი არ მიიღო, რომ უკრაინისთვის საზიანო ან რუსეთისთვის სასარგებლოა, არამედ იმიტომ, რომ ეს ამერიკისთვის სასარგებლოა და მისი ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია.
ახლა ვისაუბროთ რუსეთ-უკრაინის ომზე. რეალურად, ეს ომი, არსებითად, უკრაინის ერთ ნაწილს — დონეცკის ოლქს — ეხება. რუსეთს ამ ტერიტორიის თითქმის მთელი ნაწილი აქვს ოკუპირებული და მხოლოდ დაახლოებით 11 პროცენტს ვერ აკონტროლებს.
დონეცკის ოლქში უკრაინელებს თავდაცვითი ხაზი აქვთ მოწყობილი და მყარად გამაგრებული პოზიციები უკავიათ. მათი მტკიცებით, რასაც სამხედრო სტრატეგებიც ადასტურებენ და რასაც მეც ვეთანხმები, ეს თავდაცვის ბოლო ხაზია. თუ უკრაინა ამ ხაზს დათმობს, კიევის დასაცავად აღარაფერი დარჩება. ამ პოზიციებიდან კი კიევისკენ გზა პირდაპირ იხსნება.
ამ კონფლიქტის არსი ისაა, რომ რუსეთი დონეცკის მთელ ტერიტორიას, მათ შორის ამ თავდაცვით ზღუდესაც მოითხოვს. სწორედ ეს მიაჩნია გამარჯვებად. უკრაინა კი აცხადებს, რომ დონეცკის დარჩენილ 11 პროცენტს ვერ დათმობს, რადგან ეს თავდაცვითი ზღუდე მისი თავდაცვის ბოლო ხაზია. სწორედ ეს არის კონფლიქტის მთავარი არსი.
რა თქმა უნდა, დღის წესრიგში ბევრი სხვა საკითხიც დგას, მაგრამ საბოლოო ჯამში, მხარეები სწორედ ამის გამო იბრძვიან.
როგორ მიმდინარეობს ეს ბრძოლა? რუსებმა ბრძოლის ველზე წინსვლა და ამ რეგიონის დაკავება ვერ შეძლეს. ამიტომ ისინი უკრაინის მოსახლეობას უდიდეს ტკივილსა და ზიანს აყენებენ — დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით იერიშებს ახორციელებენ და ცდილობენ, გაანადგურონ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ელექტრომომარაგების სისტემა და ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობები, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ზამთარი ახლოვდება.
როგორ პასუხობს ამას უკრაინა? უკრაინა იერიშებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ და გაზის გადამამუშავებელ ქარხნებზე ახორციელებს. სწორედ ეს სექტორია რუსეთის ეკონომიკის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი. ამასთან, უკრაინას ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადააქვს. პირველად რუსები ხედავენ აფეთქებებს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, ასევე ქვეყნის სიღრმეში მდებარე ტერიტორიებზე. ომი მათთვის უკვე აღარ არის შორეულ ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტი.
შესაბამისად, სწორედ ასეთ ვითარებაში ვიმყოფებით — ეს არის მდგომარეობა, რომლის ირგვლივ შეთანხმების მიღწევაც რთულია და რომლის გამოსწორებაც მარტივი არ იქნება.
შეერთებული შტატები კვლავ მზად არის, აქვს შესაბამისი შესაძლებლობები და მზადყოფნა, მედიატორის როლი შეასრულოს, თუკი ამის შესაძლებლობა გაჩნდება და შესაძლებელი გახდება ამ ომის მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმებით დასრულება. ჩვენი აზრით, საბოლოოდ ეს ომი სწორედ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით დასრულდება. ახლა, სირთულე იმაშია, რომ ის პროცესები და გარემოებები, რომლებზეც ახლახან ვისაუბრე, ამჟამად ღრმად არის ფესვგადგმული და მათი შეცვლა რთულია.
მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავაც მაქსიმალურად შევეცდებით, ვნახოთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. გვინდა, რომ ომი დასრულდეს. თუმცა, საბოლოო ჯამში, მსოფლიოში სხვა პრიორიტეტებიც გვაქვს, რომლებზეც ასევე ვართ კონცენტრირებულნი.
_ბატონო მდივანო, პუტინი რომ კარგი ადამიანი არ არის, ამაზე არავინ დავობს. თუმცა როგორც ჩანს, პრეზიდენტს ახლა ზელენსკის მიმართ გარკვეული უკმაყოფილებაც აქვს და ეს სხვადასხვა დროს აშკარად გამოვლინდა. თუ სწორად მახსოვს, უკრაინაში მორიგი რეგულარული არჩევნების ჩატარების დაგეგმილი თარიღიდან ორწელიწად-ნახევარზე მეტი გავიდა.
დადგა თუ არა დრო, უკრაინაში არჩევნები ჩატარდეს? ვიცი, რომ უკრაინის კონსტიტუცია საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში არჩევნების ჩატარების საშუალებას არ იძლევა და ომის განმავლობაში უკრაინა სწორედ ასე მოიქცა. თუმცა ხომ არ დადგა დრო, არჩევნები ჩატარდეს და ვნახოთ, ეყოლება თუ არა ქვეყანას ახალი პრეზიდენტი?
სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო: საქმე ისაა, რომ არჩევნების საკითხი ხშირად წამოიჭრება და არ ვამბობ, რომ ის უმნიშვნელოა, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ომი კვლავ გრძელდება. ვიტყოდი, რომ უკმაყოფილების მთავარი მიზეზი სხვა რამაა, რაზეც საჯაროდაც გვისაუბრია. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ შავ ზღვაში ენერგორესურსების გადამზიდავ გემებზე იერიშები ვიხილეთ. ამის გამო ჩვენთან საჩივრებიც შემოვიდა, რადგან ამერიკული კომპანიები გვიკავშირდებოდნენ და გვეუბნებოდნენ: „იმ გემზე, რომელსაც უკრაინამ დაარტყა, ჩვენი ნავთობი იყო.“
არ ვფიქრობ, რომ უკრაინას ისინი განზრახ ჰყავდა სამიზნეში ამოღებული, თუმცა ამ გემებს დარტყმები მაინც მოხდა. ისედაც ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელიც ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას ჰორმუზის სრუტეში, წითელ ზღვასა და სხვა რეგიონებში მიმდინარე მოვლენების გამო. არ გვჭირდება ისეთი ვითარების შექმნა, რომელიც ამ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს. მიუხედავად ჩვენი თხოვნებისა, ამ საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილება მაინც არსებობდა. ეს მართლაც მოხდა.
სწორედ ამან იჩინა თავი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსული მხარის მიმართაც არ გვაქვს უკმაყოფილება. პრეზიდენტს არ სურს, ხედავდეს კადრებს, რომლებშიც ბალისტიკური რაკეტა კიევში საცხოვრებელ კორპუსს ხვდება და შედეგად უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან. არც ეს მოსწონს მას. სწორედ ამიტომ არის ამ კონფლიქტის მოგვარების გზის პოვნა ასეთი რთული და იმედგამაცრუებელი.