ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები უკვე თითქმის ორი წელია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ. მან აღნიშნა, რომ ევროპას უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და მას სხვა არჩევანი არ აქვს. კალასმა ასევე გაიხსენა, რომ 2026 თებერვალში მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირის მონაწილეობის “ნამდვილად მაქსიმალისტური გეგმა” წარუდგინა.
“იმისდა მიუხედავად, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები უკვე თითქმის ორი წელია, წელიწად-ნახევარი, ცდილობენ, უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგონ, რატომ არ დანებებულა უკრაინა პუტინის პირობებს? ვინაიდან ევროპა მხარს უჭერს უკრაინას,” - განაცხადა კალასმა.
“თუ რუსეთი თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნებსა და პირობებს აყენებს, ჩვენ ასევე მაგიდაზე უნდა დავდოთ ჩვენი მაქსიმალისტური მოთხოვნები, რათა, ასე ვთქვათ, დავაბალანსოთ ეს მოლაპარაკებები,”- აღნიშნა კალასმა.
კალასის თქმით, რუსეთი კერძოდ სანქციების მოხსნით არის დაინტერესებული, თუმცა მსგავს საკითხებზე გადაწყვეტილებები ევროპის კომპეტენციაშია და, შესაბამისად, ის მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს წარმოდგენილი.
„მაგრამ ჩვენ ძალიან, ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენც გვაქვს რუსეთისადმი მოთხოვნები. ჩვენ ასეთ რაღაცებს უფასოდ არ ვიძლევით, ვინაიდან საუბარია არა მხოლოდ იმაზე, რომ მშვიდობა დადგეს, არამედ იმაზეც, რომ ეს მშვიდობა მყარი და სამართლიანი იყოს,” - განაცხადა კაია კალასმა.
ეს განცხადება კეთდება ღრმა გეოპოლიტიკური უთანხმოების ფონზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და ევროკავშირს შორის. ამასთან, ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური სანქციებისა და სავაჭრო ტარიფების ამოქმედება შეაჩერა.
დღეს, 20 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში ხვდება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს. დისკუსიებში ასევე მონაწილეობენ როგორც მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, ასევე ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი.
სწორედ მათ სთხოვა უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ მხარესთან შეხვედრის ორგანიზება. ოსლოდან სტივ უიტკოფი მოსკოვში გაემგზავრება.