ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა პინა პიჩერნომ (Pina Picierno) შიმშილობა გამოაცხადა, უკრაინაში, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში (ხერსონის ოლქი) შექმნილი ჰუმანიტარული კატასტროფის გამო. ამ ნაბიჯით ვიცე-პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს რომის პაპის ძალისხმევას, ისევე როგორც „ყველა იმ ადამიანის მცდელობას, ვინც ამჟამად ყველაფერს აკეთებს ჰუმანიტარული ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად.“
პინა პიჩერნომ უკრაინულ მედიასთან (UATV) ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელების გამძლეობა გაოცებას იწვევს და ეს ბრძოლა მხოლოდ მისი პირადი ინიციატივა არ უნდა იყოს, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანები შიმშილით სიკვდილის პირას არიან.
პიჩერნომ სოციალურ ქსელ X-ის საშუალებით მოუწოდა ევროპულ ორგანიზაციებს, მოქალაქეებსა და ინსტიტუტებს, შეუერთდნენ ამ არაძალადობრივ აქციას.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქში რჩება დაახლოებით 1700 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც, რომლებიც რუსეთის მხრიდან სრული ბლოკადის პირობებში ცხოვრობენ. მოსახლეობას არ აქვს საკვები და მედიკამენტები, ქალაქში არ არის ელექტროენერგია, გაზი და სასმელი წყალი.
პინა პიჩერნო ასევე მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს.
„პუტინს ვეტყოდი, რომ ის მკვლელივით იქცევა. ადამიანი, რომელიც გულგრილად უშვებს, რომ 50-ზე მეტი ბავშვი შიმშილით დაიღუპოს, ხოლო მოხუცებს, ავადმყოფებსა და ქალებს გადარჩენის საშუალებას არ აძლევს, რადგან დრონებით ესხმიან თავს ან ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებზე ფეთქდებიან, სწორედ დამნაშავე და მკვლელია,“ - ამბობს პიჩერნო.
ოკუპირებულ ოლეშკიში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე საკვების, წყლის, მედიკამენტების, ელექტროენერგიისა და გაზის გარეშეა ჩარჩენილი. გზები დანაღმულია, რაც ქალაქიდან გაქცევას სასიკვდილოდ სახიფათოს ხდის.
28 სექტემბერს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ცდილობს, ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდოს ოკუპირებულ ოლეშკის. 29 სექტემბერს ევროკავშირმა აღნიშნა, რომ რუსეთს მოსთხოვა ოლეშკიში ჰუმანიტარული წვდომის უზრუნველყოფა და ამ მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს.
16 ოქტომბერს რომის პაპმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან და სთხოვა მას ზავის უზრუნველყოფა, რათა დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში დახმარების მიწოდება შესაძლებელი გამხდარიყო.