დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთ ევროპის 9 ქვეყანა (ნორვეგია, შვედეთი, დანია, ფინეთი, ისლანდია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები) სამხედრო-საზღვაო ალიანსს აძლიერებენ. მათი მიზანი ატლანტის ოკეანეში, არქტიკასა და ბალტიის ზღვაში რუსული წყალქვეშა ნავების გააქტიურებისა და წყალქვეშა კაბელებზე არსებული საფრთხეების მოგერიება.
FT-ის ცნობით, ეს თანამშრომლობა გაფართოვდება უკვე არსებული გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) ბაზაზე — ქვეყნები ინფორმაციის გაცვლიდან ერთობლივ საზღვაო და საჰაერო ოპერაციებზე გადადიან.
ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურმა, სერ რიჩარდ ნაიტონმა FT-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს არის "ყველაზე სახიფათო პერიოდი", რაც კი ახსოვს, და მოკავშირეებმა უნდა იმოქმედონ რუსეთის მიერ მათი "სიმტკიცის შემოწმების" თავიდან ასაცილებლად.
შეთანხმებას ოფიციალურად ბრიტანული ავიამზიდის HMS Prince of Wales-ის ბორტზე მოეწერება ხელი.