აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა, საქართველომ და თურქეთმა სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს: აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა ივა პეტროვამ.
შეთანხმება მიზნად ისახავს აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთი–ბულგარეთის „მწვანე ენერგიის დერეფნის“ განვითარებას, რეგიონული ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებასა და ენერგიის გადაცემის მარშრუტების დივერსიფიკაციას.
შეთანხმების მიზანი აღნიშნულ ქვეყნებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ენერგეტიკული დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემისა და მიწოდების ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
შეთანხმების თანახმად, მხარეები განსაზღვრავენ გადამცემი სისტემის ოპერატორებს, რომლებიც მწვანე დერეფნის პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი ერთობლივი საწარმოს აქციონერები გახდებიან. ასევე ითანამშრომლებენ სუფთა ენერგიის წარმოების, გადაცემისა და ვაჭრობის, არსებული ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ახალი ელექტროგადამცემი ხაზების განვითარების მიზნით.
პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დერეფნის არანაკლებ 2-3 ათასი მეგავატის გამტარუნარიანობა, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდების მარშრუტებისა და საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაცია, საქართველოში წარმოებული მწვანე ელექტროენერგია კი ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე გაიყიდოს.