რას გულისხმობს „სათამაშო ბიზნესის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ კაზინოებისთვის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კანონის სწრაფი ტემპით მიღებამ კითხვების დასმის დროც კი აღარ დატოვა. როგორც ცნობილია, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ.


„ჩვენთვის იყო მოულოდნელი აზარტულ თამაშებზე ასე სწრაფად მიღებული კანონი. ჩვენ შეკითხვების დასმაც კი ვერ მოვასწარით, ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები და სამი მოსმენით მიიღეს ეს კანონი.


ძალიან ვწუხვართ, რომ ვერ მოვახერხეთ ამაში ღრმად ჩახედვა და გარკვევა. კათოლიკოს პატრიარქი დასავლეთში იმყოფებოდა ამ პერიოდში და ვგეგმავთ აუცილებლად, რომ ამის შესახებ ვისაუბროთ ხელისუფლებასთან და იმედი გვაქვს, რომ სიცხადე აქ უფრო მეტი იქნება,“ – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ადრე რეგულაციების შემუშავებაში საპტარიარქოც მონაწილეობდა მაშინ განხილვები 4 წელიწადს გაგრძელდა.


„ჩვენ გვაფიქრებს ის, რომ დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში აზარტული თამაშების კუთხით ისედაც საგანგაშო არის და კარგი იქნება, რომ ჩვენ ხელისუფლებასთან ერთად ვიმსჯელოთ ზიანის შემცირებაზე, რა ზიანი მოაქვს აზარტულ თამაშებს მოსახლეობისთვის; რომელიც საჭირო არის ვიმსჯელოთ, რომ შეიქმნას და დაფინანსდეს შესაბამისი სარეაბილიტაციო დაწესებულებები, რადგანაც ეს არის თამაშდამოკიდებულება და თამაშდამოკიდებულება საჭიროებს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.


ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები არის იქ, ასაკთან დაკავშირებით და იმ რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წლის წინ მივიღეთ და, აი, ისე თქმა მინდა, როდესაც რეგულაციებს ვიღებდით, ზიანის შემცირების მიზნით, ჩვენ მოვანდომეთ ამას დაახლოებით ოთხი წელი. ჩართული იყო საპატრიარქოდან მუშა ჯგუფში წარმომადგენლობით, ხოლო ეს კანონი, რომელიც წინა კვირაში იქნა მიღებული, ორი დღის განმავლობაში იქნა მიღებული, ამიტომ შეკითხვები ძალიან ბევრია,“ - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.


პარლამენტმა კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების ჩატარების უფლება დაჩქარებული წესით 28 ოქტომბერს მიანიჭა. საერთაშორისო ტურნირის მომწყობს, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით, კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა აღარ მოუწევს. 


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი ტურნირების ჩატარება ხელს შეუწყობს ტურისტული აქტივობის ზრდას ისეთ რეგიონებში, როგორიცაა აჭარის რეგიონი, თებერვალში, მარტსა და აპრილში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ტურიზმის ხელშეწყობის არგუმენტს არასაკმარისად მიიჩნევს და ინიციატივის საპასუხოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის კაზინოებში თამაშის სრულად აკრძალვა მოითხოვა.


„ძლიერი საქართველო“ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ 2025 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 88–89 მილიარდი ლარი (მთლიანი ბიზნესსექტორის ბრუნვის დაახლოებით 35%), ხოლო 2026 წლის პირველ ორ კვარტალში უკვე 47 მილიარდი ლარი შეადგინა, შესაბამისად, ამ სფეროს საგადასახადო წახალისება არ სჭირდება.


კანონს ომბუდსმენის აპარატი, სამოქალაქო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების ნაწილი და თეოლოგები აკრიტიკებდნენ.


პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კაზინოებისთვის საერთაშორისო ტურნირებზე საგადასახადო შეღავათების დაწესებას ხელი 9 ნოემვერს მოაწერა. კანონი ძალაში შევიდა.


კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ტურნირის მონაწილეთა 80% ან მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა (პირველი მოსმენით მიღებული ვარიანტი 70%-იან დაშვებას ითვალისწინებდა) და საპრიზო ფონდი 3 მლნ ლარს აღემატება, საერთაშორისო ტურნირის მომწყობს, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით, კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა არ მოუწევს.