იტალიის მარეგულირებელმა ორგანოებმა სოციალური მედიის გიგანტი Meta 805 მილიონი ევროთი დააჯარიმეს — მიზეზი, Android-ის მომხმარებელთა ფოტოებზე მათი კონკრეტული თანხმობის გარეშე წვდომაა.
მონაცემთა დაცვის ორგანოს განცხადებით, კომპანია Meta-მ სმარტფონის დაახლოებით 20 მილიონ მომხმარებელს არ აცნობა, რომ Facebook-ის აპლიკაციის ერთ-ერთი ფუნქციის მეშვეობით, მას წვდომა ჰქონდა მათ ფოტოებსა და ვიდეოებზე. მარეგულირებელმა კომპანიას ამ ფუნქციის გასათიშად და მის გამოსაყენებლად ცალკე თანხმობის მოსაპოვებლად 60-დღიანი ვადა განუსაზღვრა.
საუბარია ფუნქციაზე, რომელიც მომხმარებლებს Facebook-ის დათვალიერებისას გალერეიდან შეთავაზებებს აჩვენებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს ფუნქცია ავტომატურად იყო გააქტიურებული და აპლიკაცია გალერეაზე წვდომას ერთიანი ნებართვით ითხოვდა. ეს ერთიანი თანხმობა განსხვავებული მიზნების მქონე სხვადასხვა ფუნქციას აერთიანებდა, რაც იტალიის კანონმდებლობაში ასახულ ევროპულ კონფიდენციალურობის დირექტივას არღვევს.
ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯარიმაა, რაც კი იტალიის რომელიმე უწყებას ტექნოლოგიური კომპანიისთვის დაუკისრებია. Meta-ს წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ კომპანია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.