სომხეთის ახალი კონსტიტუციის წინასწარი პროექტი მომავალ კვირას გამოქვეყნდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხუთშაბათს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მომავალ კვირას გამოქვეყნდება კონსტიტუციის წინასწარი პროექტი, რომელიც არაერთი განხილვის შედეგად მომზადდა“, — აღნიშნა ფაშინიანმა.
მისი თქმით, პროექტი მოიცავს იმ ძირითად პოლიტიკურ დებულებებს, რომლებიც მანამდე, მათ შორის სომხეთში 2026 წლის ივნისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებშიც განიხილებოდა.
მან ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტი კიდევ გადაიხედება, თუმცა ის განსაზღვრავს ხელისუფლებისთვის ფუნდამენტურ იდეოლოგიურ ჩარჩოს. „კონსტიტუციის პროექტი, რა თქმა უნდა, გადამუშავდება, მაგრამ ის არ უნდა გასცდეს „რეალური სომხეთის“ იდეოლოგიურ „წითელ ხაზებს,“ — განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანმა ასევე მოუწოდა საპარლამენტო ოპოზიციას, მხარი დაუჭირონ მმართველი პარტიის ინიციატივას ქვეყნის ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვის თაობაზე.
ფაშინიანი თავის პოლიტიკურ მომავალს კონსტიტუციურ რეფერენდუმს უკავშირებს. მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების დროს, მან ოპოზიციას შესთავაზა, მხარი დაუჭირონ მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას; მან პირობა დადო, რომ თუ ამომრჩევლები დოკუმენტს უარყოფენ, ის თანამდებობას დატოვებს. მეორე მხრივ, მან განაცხადა, რომ თუ შემოთავაზებული კონსტიტუცია საზოგადოების მხარდაჭერას მოიპოვებს, ის მომავალ არჩევნებში პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას აღარ წარადგენს.
„ოპოზიციას ვთავაზობ, რეფერენდუმი ჩავატაროთ. თუ ხალხი კონსტიტუციას უარყოფს, მე გადავდგები. თუ ხალხი კონსტიტუციას მხარს დაუჭერს, მომავალ არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აღარ ვიქნები,“ — განაცხადა ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს წინადადება ნაწილობრივ უკვე წარადგინა წინა დღეს პარლამენტში, ახლა კი სურს, ის უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბოს.
- ფაშინიანმა ახალი კონსტიტუციის მიღების მიზნით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ გამორიცხა