აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა ევროკავშირის უსაფრთხოების მიზნებს ეწინააღმდეგება.
როგორც ალიანსის შტაბბინაში იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს ბლინკენმა განაცხადა გაზსადენის მშენებლობა ძალიან ცუდი იდეაა და ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც განაცხადა.
„პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ გაზსადენი არის ძალიან ცუდი იდეა, ცუდი ევროპისთვის, ცუდი აშშ-ისთვის და, საბოლოო ჯამში, იგი ეწინააღმდეგება საკუთრივ ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა
აღსანიშნავია, რომ ენტონი ბლინკენი, პირველად მონაწილეობს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბრიუსელში 23-24 მარტს იმართება.
ორდღიანი მინისტერიალის მთავარი საკითხებია ავღანეთში შექმნილი ვითარება და რუსეთთან დაკავშირებული პრობლემები.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში ასევე შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კოვიდ-19-ის პანდემიასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე სასაუბროდ.