ამერიკული გამოცემა NPR აქვეყნებს აშშ–ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაურის, გენერალი ფილიპ ბრიდლავის სტატიას სახელწოდებით "აშშ-ს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის იგნორირების ფუფუნება არ აქვს“.
"საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში ბევრი ამერიკელისთვის შეუმჩნევლად დარჩა ის ფაქტი, რომ სამხრეთ კავკასიაში მთიანი ყარაბაღის სადაო რეგიონთან დაკავშირებით კონფლიქტმა ხელახლა იფეთქა. სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული სომხეთი და აზერბაიჯანი ჩართულნი არიან უპრეცედენტოდ გამანადგურებელ ბრძოლებში, რომელთა მსგავსიც მათ წლების განმავლობაში არ უნახავთ. ამ კონფლიქტს, რომელშიც გამოყენებულია ჯავშანტრანსპორტიორები, ქვეითი დანაყოფები, არტილერია და იარაღით აღჭურვილი დრონები, უკვე ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა“,- წერს ბრიდლავი.
როგორც გენერალი აღნიშნავს, "ბევრი ამერიკელი ვერ ხვდება, რომ რეგიონზე სერიოზული უარყოფითი გავლენის გარდა, აქ სასწორზე აშშ-ის ინტერესებიც დევს, მათ შორის ენერგორესურსების და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის კუთხით".
მისი თქმით, "კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უფრო აქტიურ დიპლომატიას უნდა მიმართოს".
ფილიფ ბრიდლავი მიიჩნევს, რომ "საქართველოს პროგრესი დასავლური ღირებულებებისკენ მიმავალ გზაზე და ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა ნატო–ს მიმართ ავღანეთში ადასტურებს ამერიკის ძალისხმევის მიზანშეწონილობას და დღეს საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას და იყოს ამ პროცესის ნაწილი":
"სამხრეთ კავკასიაში განლაგებულია არსებითი მნიშვნელობის ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. სადენებს, რომლებითაც საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპისკენ მიედინება კასპიის ბუნებრივი აირი და ნავთობი, უდიდესი მნიშვნელობა აქვს რუსეთზე ევროპის ენერგოდამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავღანეთში ნატოს ტვირთების გადაზიდვაში. შესაბამისად, ამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაკარგვა ან დაზიანება მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს აშშ-ის ინტერესებს. განახლებული კონფლიქტი ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ მასში ჩართულ მხარეებს, რომლებსაც სამხედრო წვლილი აქვთ შეტანილი ავღანეთში ამერიკის ძალისხმევაში, არამედ საქართველოსაც - აშშ-ის ახლო მოკავშირეს, რომლის წარმატებაც მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული რეგიონის სტაბილურობაზე. შესაძლებელია, რომ განვითარდეს კიდევ ერთი, უფრო შემაშფოთებელი სცენარი. თუკი კონფლიქტი კიდევ უფრო გამძაფრდა, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია რუსეთის სამხედრო ჩარევა, რასაც გავლენა ექნება ფართო რეგიონზე. რუსეთს საგრძნობი სამხედრო ძალები ჰყავს განლაგებული სომხეთში და მას ერევანთან გაფორმებული აქვს სამხედრო შეთანხმება. ჯერჯერობით რუსეთი თავს იკავებს კონფლიქტში უშუალოდ ჩართვისგან. ნაცვლად ამისა, მან ორჯერ მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუმცა ორივეჯერ ეს წამოწყება თითქმის იმთავითვე ჩაიშალა. თურქეთი, რომელიც მხარს უჭერს ეთნიკურად მონათესავე აზერბაიჯანელებს, სამხედრო დახმარებას უწევს ბაქოს და ფრონტის ხაზზე აგზავნის სირიელ დაქირავებულ მებრძოლებს. დაბოლოს, ირანი, რომელიც ესაზღვრება როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანს. ირანის ჩრდილოეთ პროვინციებში ცხოვრობს მილიონობით ეთნიკური აზერბაიჯანელი. შესაბამისად, ირანიც იოლად შეიძლება ჩაერთოს ამ კონფლიქტში. ამგვარად, რეგიონის სამი მთავარი ძალის ნელ-ნელა ჩათრევა ამ კონფლიქტში ჩვენთვის მიუღებელი უნდა იყოს. რეგიონში უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკი უბრალოდ ძალიან მაღალია“.
ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური აცხადებს, რომ "დასავლეთის რეაგირება აყოვნებს და მისი ჩართულობა ლეთარგიას უფრო ჰგავს":
"მიუხედავად იმისა რომ რუსეთმა, საფრანგეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (ეუთოს მიერ 1992 მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული დავის გადასაწყვეტად შექმნილი მინსკის ჯგუფის წევრი ქვეყნები) გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გაჟღერებულია მოწოდება ცეცხლის შეწყვეტისკენ, ამერიკის შეერთებული შტატები, დიპლომატიური თვალსაზრისით, მოწყვეტილია რეგიონს, რაც ასუსტებს მის პოზიციას და ზღუდავს მის უნარს, მიაღწიოს რეალურ პროგრესს მიმდინარე კონფლიქტთან მიმართებაში".
,,სამხრეთ კავკასია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი რეგიონია და, დიდი ალბათობით, ასეთად დარჩება უახლოეს მომავალშიც. 3 კონფლიქტი: მთიან ყარაბაღში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აქამდე „მიძინებული“ იყო, თუმცა ბოლო დროს გაჩაღებულმა შეტაკებებმა დაგვანახა, რომ დაძაბულობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიზარდოს აფეთქებაში. შემდგომი ესკალაციის პრევენცია უნდა იყოს სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის პოლიტიკის პრიორიტეტი. ჩვენ უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მცდელობას, ვაშინგტონში კონსულტაციებისთვის თავი მოუყაროს კონფლიქტში მონაწილე მხარეების საგარეო საქმეთა მინისტრებს. ეს დასაწყისია, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს“,- წერს გენერალი.
ფილიპ ბრიდლავის თქმით, "თითქმის 25 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები ძალ-ღონეს არ იშურებს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ამერიკამ მხარი დაუჭირა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას და მათ სწრაფვას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით".
გენერალი აღნიშნავს, რომ დასავლელმა ლიდერებმა სერიოზულად უნდა განიხილონ ეს შეთავაზება და დააფასონ რეგიონში სანდო ქვეყნის ძალისხმევა კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით:
,,რეგიონში აშშ-ის ჩართულობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორა ამერიკაში, რეგიონული ენერგეტიკული პროექტები, ასევე რეგიონის მზარდი პოლიტიკური კავშირები საქართველოსთან. ხსენებულმა ძალისხმევამ უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები. საქართველოს პროგრესი დასავლური ღირებულებებისკენ მიმავალ გზაზე და ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა ნატო–ს მიმართ ავღანეთში ადასტურებს ჩვენი ძალისხმევის მიზანშეწონილობას. დღეს საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას და იყოს ამ პროცესის ნაწილი. დასავლელმა ლიდერებმა სერიოზულად უნდა განიხილონ ეს შეთავაზება და დააფასონ რეგიონში სანდო ქვეყნის ძალისხმევა კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით. აშშ-ის აქტიურ დიპლომატიას არსებითი მნიშვნელობა აქვს მინსკის პროცესის მეშვეობით კონფლიქტის დეესკალაციის და ამ პროცესში ყველა ჩართულ მხარესთან მუშაობის თვალსაზრისით. დიდი ალბათობით, ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცე მხარდაჭერას ისეთი სანდო მოკავშირისა და პარტნიორის ადგილობრივი ინიციატივების და ლიდერობის მიმართ, როგორიც საქართველოა“.