"აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას დამარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე არასდროს დარჩება მარტო", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, დონბასში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით, განაცხადა.
ზელენსკის ცნობით, სატელეფონო საუბრისას, უკრაინაში, ჯო ბაიდენის სამომავლო ვიზიტიც განიხილეს.
„ცეცხლის სრულად შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება მინსკისა და ნორმანდიულ ფორმატებში რთული, თუმცა ძალიან აუცილებელი მოლაპარაკებების გაგრძელების საწინდარია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – ჩვენს არმიას შეუძლია, ნებისმიერს გაუწიოს წინააღმდეგობა. ეს აძლიერებს ჩვენს პოზიციებს დიპლომატიური გზით ვითარების დასარეგულირებლად, რაც უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციისთვის აირჩია. ამ გზაზე ჩვენ გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების სრული და უცვლელი მხარდაჭერა, კერძოდ ევროპისა და აშშ-ის. ამის ერთ-ერთი დადასტურება საუბარი, რომელიც დღეს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან მქონდა. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ დონბასში შექმნილი სიტუაცია. პრეზიდენტმა ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინაშე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება.
Euronews-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გადაუმოწმებელ კადრებზე ჩანს, რომ რუსული ტანკები გადაადგილდნენ იმ ადგილებში, რომლებიც მოიცავს ანექსირებულ ყირიმს და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს.
ეს მას შემდეგ ხდება, რაც ბოლო დღეებში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ასობით დარღვევის შესახებ.
პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსულ ოპერაციებს 4 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა აღმოსავლეთ ნაწილში და დაიჭრა ორი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს მოუწოდა ,,შეწყვიტოს სამხედრო ესკალაცია" და ,,დაუყოვნებლივ და უპირობოდ დაადასტუროს თავისი ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ".
ამასთან, რუსეთმა უპასუხა, რომ თავისუფლად შეუძლია შეიარაღებული ძალების განთავსება საკუთარ ტერიტორიაზე, როგორც თავად აირჩევს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ "სამხედრო მაღალჩინოსნებს ესმით, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის გაჩაღებას, საზიანო იქნება" .