90 წლის ნუსრედინ შავაძე, ღორჯომის სოფელ პაქსაძეებში არჩევნებზე ჯოხით მივიდა. ამბობს, რომ გადასატანი ყუთი არ მოუთხოვია და არც არასდროს მოითხოვს. ის სოფელში ყველაზე ხანდაზმულია, დურგალია და დღემდე ამუშავებს ხეს. ნუსრედინ შავაძე ამბობს, რომ ღორჯომის სოფლებში 156 ხის სახლი აქვს აგებული და ქვისგან სახლი არასდროს აუშენებია.
„მე საერთოდ მოზარული ხალხი არ მიყვარს, მაგათ არასდროს დავლოცავ. საქმის მოზარულს, მისვლა-მოსვლის მოზარულს, არჩევნების მოზარულს. რა გზარავს, მოდი!
ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ, არ მიყვარს სიზარმაცე და უშნოობა არც ხალხში, არც მთავრობაში. თუ არ იშრომებ, არაფერი გექნება. მე ახლაც ვშრომობ, ხეს ვამუშავებ. ადრე ცხოვრება ბნელი და ძნელი იყო, მაშინ მჭადს თუ მონახავდი, პური ვინ იცოდა?! გამჩენმა თქვა – კაი და ბევრი შემეხვეწეთ, თქვენთვის არც დამელევა და არც დამენანებაო, ხოდა კარგი ვთხოვოთ.
ჩემთვის მთავარია ომი არ იყოს. ბევრ ომს მოვესწარი. ვიბადებით, ვიზრდებით და მაინც ხომ ვკვდებით? რატომ უნდა მოვიკვლე თოფით? დრომ მოვიდეს და მომკლას, ხომ?
არ მომითხოვია არჩევნებზე არასდროს გადასატანი ყუთი და არც მოვითხოვ. რომ მეთხოვა, მომიტანდნენ. სიარული მიყვარს. მთაშიც წავდივარ ზაფხულში, ბევრი კი აღარ მყავს, ორ ძროხას დავატარებ. 4, 5, 6, თვე ვართ მთაში, მე, ჩემი ცოლი და ბადიშები. ცოლი 86 წლისაა, ძროხებს ვეღარ წველის და ბადიშებს ასწავლის, აბა, მთაში ურონიო რანაირად იქნები?
156 ხის სახლი მაქვს დადგმული, ქვისგან სახლი არასდროს ამიშენებია. საერთოდ, ჯანმრთელობისთვის ხე ჯობია, ასე გამიგია და ასეც გამოვცადე,“ – გვითხრა ნუსრედინ შავაძემ.