საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი უკრაინაში არის დროული და საჭირო, რადგან ბევრი თემა არის განსახილველი, რომელიც ორ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებობს.
„ორი მთავარი მიმართულება გახლავთ ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულება. აუცილებელია ამ ორი მთავარი მიმართულებით კოორდინირებული საქმიანობა და ერთობლივი ნაბიჯების დაგეგმვა. მოგეხსენებათ, რომ უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი ღონისძიებები იმართება, ნატო-ს სამიტი, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ამ ვიზიტის ფარგლებში იქნება განხილული ის ერთობლივი ნაბიჯები, რომელიც ამ სამიტამდე დარჩენილ პერიოდში არის გადასადგმელი.
თუმცა მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ დიდი ხანია, დაწყებული გვაქვს ეს ერთობლივი საქმიანობა. ვმოქმედებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, როგორც ნატო-ს ფარგლებში, ისე ევროკავშირის ფარგლებში. რა თქმა უნდა, მოლოდინი მაქვს, რომ ამ შეხვედრების შედეგად ჩვენი ინტერესები კიდევ უფრო მკაფიოდ იქნება წამოწეული როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის კონტექსტში. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში სამიტებზე ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს იგივე ღია კარის პოლიტიკასთან მიმართებაში, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით“,- განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და კონფლიქტების მოგვარება.
„ჩვენ ვართ სოლიდარული ჩვენი უკრაინელი პარტნიორების, ისევე როგორც ისინი არიან სოლიდარული ჩვენი მხარდამჭერი ყველა საერთაშორისო ფორმატში. სულ ცოტა ხნის წინ მქონდა შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან ბუქარესტში, სხვა ფორმატში და იქ დაწყებულ საუბრებს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. ასევე ბოლო განვითარების შესახებ გვექნება ინფორმაციის გაცვლა. ასევე ის, თუ რა უნდა გაკეთდეს ერთობლივად, რომ საქართველოს საკითხი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია იყოს მუდმივად დღის წესრიგში და გვქონდეს მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებითაც“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს სამი ასოცირებული ქვეყნის – მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
„უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის მიღმა მექნება სამმხრივი შეხვედრა მოლდოველ და უკრაინელ კოლეგასთან. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს სამეულის ფორმატში ერთობლივი ღონისძიებები, ერთობლივი საქმიანობა. გარკვეულწილად ვცდილობთ, რომ ეს სამეული იყოს ფორმალიზებული და ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც ამის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან. რამდენიმე ერთობლივი წერილიც იყო. იყო ასევე ერთობლივი ღონისძიებები. მსგავსი რამ კიდევ იგეგმება და ვფიქრობ, ამ ვიზიტის, ამ სეულის შეხვედრის შედეგად, ჩვენ უკვე გვექნება გარკვეული წინსვლა ამ ტრიოს ფორმალიზაციის კუთხით“,- განაცხადა ზალკალიანმა.