ივანე ჩხაიძე: რაც შეიძლება სწრაფად არის საჭირო წამახალისებელი კომპონენტების დანერგვა ვაქცინაციისთვის

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ორჯერადად ვაქცინირებულები პირველ რიგში დახურულ სივრცეში უნდა იყვნენ შეუზღუდავი, სერვისის მიღებისთვის, რაც ევროპული პრაქტიკაა. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს, კინოში, თეატრში, რესტორანში, ბარში და ასე შემდეგ. ის ვაქცინაციისთვის წამახალისებელი კომპონენტების რაც შეიძლება სწრაფად დანერგვის აუცილებლობაზე Europetime-თან საუბრობს. რა წამახალისებელ ზომას განიხილავდა იმუნიზაციის საბჭო, რა წერია იმ წინადადებათა პაკეტში, რომელიც მთავრობას წარედგინება, რა შეღავათები უნდა არსებობდეს ვაქცინირებულებისთვის და როგორ უნდა მივაღწიოთ 60%-ის აცრას. ამ საკითხებზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-ს ესაუბრა.

ის პრაქტიკა, რომელიც საქართველოში უნდა დაინერგოს, ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში უკვე დიდი ხანია, მიღებულია. ეს ეხებათ სრულად ვაქცინირებულებს. კერძოდ, ორი ვაქცინის გაკეთების შემდეგ დანია და ავსტრია წავიდნენ იმ გზით, რომ „მწვანე ელექტრონული სერთიფიკატის“ (რომელზეც დაფიქსირებულია ვაქცინირებულის სტატუსი) წარდგენის შემთხვევაში მიიღოს მანამდე აკრძალული მომსახურება. მაგალითად, შევიდეს თეატრში, კინოში, ისარგებლოს რესტორნით, ბარებით და ასე შემდეგ. ანუ, დახურულ სივრცეში შესვლის შეუზღუდავი უფლება აქვს.

ასევე, ამ ადამიანებს შეუზღუდავი უფლება აქვთ ევროკავშირის და იმ ქვეყნების ფარგლებში მოგზაურობის, რომლებსაც დაშვებული აქვთ ამ „მწვანე ელექტრონული სერთიფიკატის“ გამოყენების პირობები. ის, რაც ასევე მნიშვნელოვანია, როგორ უნდა დავაინტერესოთ მოსახლეობა, რომ ვაქცინაცია ჩაიტარონ. ის, რაზეც ვისაუბრეთ, წახალისების ერთო ფორმაა, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა ფორმებიც: მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა ნახეს, რომ მოსახლეობის აქტიურობა შედარებით ნაკლებია, გადაწყვიტეს გარკვეული წახალისება. მაგალითად, აშშ-ის ბევრ შტატში მიღებულია მატერიალური წახალისება, ყველა ადამიანს მეორე ვაქცინის გაკეთების შემდეგ 50 დოლარს აძლევენ, ზოგს 100 დოლარს და ასე შემდეგ. სერბეთი 30 ევროს აძლევს, ზოგიერთი ქვეყანა სასურსათო კალათას აძლევს და ასე შემდეგ. ეს მიღებული პრაქტიკაა, რომ მოსახლეობის რაც შეიძლება მეტი ნაწილი იყოს ვაქცინირებული.

რას გეგმავს საქართველო ვაქცინაციის წახალისების მიმართულებით

საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო დაახლოებით ერთი თვის წინ, მაშინ, როდესაც პირველი სრულად ვაქცინირებულები გამოჩნდნენ. ეს საკითხი ასევე განხილული იყო იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე, წახალისების მექანიზმები შეიძლება, სრულიად განსხვავებული იყოს, დაწყებული ევროპული პრაქტიკიდან, დამთავრებული ქართული ნიუანსით და ინოვაციით. მაგალითად, ერთ-ერთ სხდომაზე განვიხილეთ ერთ-ერთი კომპანიის ინიციატივა, რომ იმ თანამშრომელს, რომელმაც ორჯერ ჩაიტარა ვაქცინაცია, დამატებით ანაზღაურებადი შვებულება მიეცეს. ასევე არსებობს წინადადება, ხომ არ იყოს განხილული საბანკო პროცენტის შემცირების საკითხი, ასევე, კომენდანტის საათის განმავლობაში შეუზღუდავი გადაადგილების საკითხი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი კომპონენტია, ეს ყველაფერი დეტალურად არის ჩამოყალიბებული დაავადებათა კონტროლის ცენტრის წინადადებაში, რომელიც მთავრობის სხდომაზე უნდა იყოს განხილული უახლოეს პერიოდში.

ანუ, ეს განსხვავებული პაკეტი არსებობს. საქართველოში ჩვენ ვერ წავედით და ვერ წავალთ მატერიალური წახალისების კუთხით, რა თქმა უნდა, თანხას ვერ მისცემ ვაქცინაციისთვის, მაგრამ ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტები შეიძლება იყოს შემოღებული იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთეს. ასევე განიხილებოდა სალონებსა და ფიტნეს კლუბებში შეუზღუდავი შესვლა. დღეს ფიტნეს კლუბში ვერ წახვალ, მაგრამ თუ მე ორი ვაქცინა მაქვს ჩატარებული და ფიტნეს კლუბში მხვდება ასევე ვაქცინირებული ტრენერი, ფიტნეს კლუბი აუცილებლად უნდა გავხსნათ. მაგალითად, თუ რესტორანში არ დამხვდება ორჯერადად ვაქცინირებული, გარკვეული რისკის ქვეშ მაინც ვარ. ამიტომ, სამასპინძლო ბიზნესი უნდა იყოს მზად, რომ ორჯერ ვაქცინირებულებს შესთავაზოს პერსონალი, რომელიც იქნება ასევე სრულად ვაქცინირებული.

ყველაზე მობილური მოსახლეობისთვის, 18-დან 44 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის (რომელთაც ვერ ვთავაზობთ ჯერჯერობით ყველა სახის ვაქცინას. Astrazeneca-ს ვაქცინაზე ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს, თუ ჩანაცვლდება Sinopharm-ით, ასევე, იმედია, Sinovac-ით, რაც ნიშნავს, რომ ასაკის მიუხედავად, ორი ვაქცინის შეთავაზების შესაძლებლობა გვექნება, ასეთ შემთხვევაში, სერვისებით მოსარგებლე ასაკობრივი ჯგუფი მეტი არჩევანით ისარგებლებს, ამ ადამიანების წახალისება აბსოლუტურად დროული და საჭირო იქნება) რაც შეიძლება სწრაფად არის საჭირო წამახალისებელი კომპონენტების დანერგვა, რომ მათ ვაქცინა გაიკეთონ.

კატეგორიულად ვაქცინის გაკეთებაზე ალბათ 20-25 პროცენტი ამბობს უარს, თუმცა შანსი იმისა, რომ 10-15%-მა პროცენტმა გადაწყვეტილება შეცვალოს, ნამდვილად არის. ამის გამოცდილება გვქონდა ჩვენს კლინიკაში, როდესაც საინფორმაციო საქმიანობამ შედეგი მოგვცა, ახალციხე-ახალქალაქში Unicef-თან ერთად გასვლითი შეხვედრების დროს, ასევე ბევრი ადამიანი დავარწმუნეთ. ასე რომ, არიან ადამიანები, რომლებიც მერყეობენ და საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვთ მიღებული, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც კატეგორიულად აცხადებს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს, მაგრამ ასეთი ადამიანები მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, 20-25%-ს შეადგენს. ამიტომ, ჩვენი სამიზნე დანარჩენი 20%-ია, რომელიც მეთვალყურის და დაკვირვების პროცესშია. ამ ადამიანებისთვის ერთ-ერთი სტიმული შეიძლება იყოს სწორედ ეს წახალისება, რაც შეიძლება, რიგ შემთხვევაში გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს.

უნდა ატარონ თუ არა ნიღაბი ვაქცინირებულებმა, რა წერია დაავადებათა კონტროლის ცენტრის წინადადებაში

რაც შეეხება ნიღბის ტარებას, ორგვარად არის გაყოფილი - შეიძლება, ორმაგად ვაქცინირებულებისთვის დახურულ სივრცეში იყოს ეს დაშვებული, ქუჩაში კი ნიღბის გარეშე გადაადგილდება. მეორე - თუ ეს ადამიანი მოხვდება იმ სივრცეში, რომელიც არის კორონავირუსისგან თავისუფალი, მაგალითად, ჩვენ შეიძლება ქვეყანაში გვქონდეს რესტორანი, რომლის ყველა თანამშრომელი არის ვაქცინირებული, ამ რესტორანში ყველას შეუძლია შესვლა და მაგიდასთან ყველა, ვინც წარადგენს კოვიდპასპორტს, შეიძლება დაჯდეს ნიღბის გარეშე. ანუ, დახურულ სივრცეშიც შეიძლება განიხილებოდეს ნიღბის ტარების ვალდებულების მოხსნა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაცია ორჯერადად აქვთ ჩატარებული. ასევე განიხილება კორონავირუსისგან თავისუფალი „მწვანე საავადმყოფოების“ იდეა, სადაც სამედიცინო პერსონალის 80% იქნება ვაქცინირებული. ბევრი ნიუანსია, რომელიც შეიძლება, გასართობმა-სარესტორნო დაწესებულებამ და საავადმყოფომ გაითვალისწინოს. ასე რომ, ეს საკითხები ნამდვილად განიხილება და ვფიქრობ, უახლოესი კვირების განმავლობაში ეს მკაფიოდ იქნება განსაზღვრული, რადგან ჩვენ უკვე ათასობით ადამიანი გვყავს ორჯერადად ვაქცინირებული და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

ამერიკამ ადრე გადადგა ეს ნაბიჯი და ნიღაბთან დაკავშირებული შეზღუდვები ადრე მოხსნა, იქ ორჯერ ვაქცინირებულების რაოდენობა ძალიან დიდია, ჩვენთან - ცოტა, 2% (90 000 ადამიანი) ნამდვილად არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველასთან მოვხსნათ ნიღბის ტარების ვალდებულება დახურულ სივრცეში. ჯერჯერობით სკეპტიკურად ვარ განწყობილი დახურულ სივრცეში ნიღბის მოხსნასთან დაკავშირებით, რადგან სამწუხაროდ, ჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა 2 პროცენტს არ აღემატება. ღია სივრცეში შეიძლება გადაადგილდეს და თუ ვინმე გააჩერებს, შეუძლია წარადგინოს თავისი პასპორტი. თვითონ რესტორნის, კინოს, ბარის ინტერესებში უნდა იყოს, რომ მისი თანამშრომლები ორჯერადად ვაქცინირებულები იყვნენ, რადგან მათ უკვე შეეძლებათ დეკლარირება, რომ ის არის კორონასგან თავისუფალი.

კომენდანტის საათი

შარშან ნოემბერში მკვეთრი მატება მივიღეთ შემთხვევების, ეს მწარე გამოცდილება გვაქვს და მისი გამორიცხვა არაფრით შეიძლება. კომენდანტის საათი აუცილებლად უნდა დარჩეს. მისი ორი საათით გადაწევა პირველი ნაბიჯია, თუმცა სრულად გაუქმებაზე ჯერ საუბარი არ უნდა იყოს, ვინაიდან ინფექცია სწორედ შეხვედრებზე ვრცელდება, მათ შორის, საყოფაცხოვრებო კონტაქტის და კვების დროს.

კოვიდსტატისტიკა

მიმდინარე კვირა იქნება გადამწყვეტი, თუ ჩვენ 1500-დან ჩამოვედით 1200-1000-ზე და ასე შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გვქონდა. პიკი იყო 5 მაისს, როდესაც 2100 ინფიცირებული გვყავდა. სწორედ ამ რიცხვიდან ორი კვირას არის მნიშვნელოვანი. თუ სტაბილურად შემცირებისკენ წავალთ ამ კვირიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ წარმატებით დასძლია მესამე ტალღა. ახლა 15000 აქტიური შემთხვევა გვაქვს, მეორე ტალღის დროს - 31 000 გვქონდა.

გარდაცვალების მაჩვენებელი ორი კვირის დაგვიანებით პასუხობს ინფიცირების მაჩვენებელს. მაისის დასაწყისში გვქონდა ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და ორი კვირის შემდეგ ვიღებთ გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს. ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანი მძიმედ დაინფიცირდა, ლეტალობა ინფიცირებიდან ორი კვირის შემდეგ დგება. ამიტომ ვამბობ, ინფიცირების პიკი და გარდაცვალების მაჩვენებელი ამ კვირაში გვექნება სავარაუდოდ მაღალი.

ზაფხულის გავლენა ინფექციაზე

შარშან გვქონდა მოლოდინი, რომ კორონავირუსის გავრცელება, ისევე როგორც,სხვა რესპირატორული ინფექციების, შემცირდებოდა. ეს არ აღმოჩნდა მართალი და შემთხვევების მატება სწორედ აგვისტო-სექტემბერში დაგვეწყო მაშინ, როდესაც გვეგონა, რომ ყველაფერი დამთავრებულია. ასე რომ, ზაფხული ისეთივე საშიშროების მომტანია ჩვენთვის, როგორც ზამთარი. ერთადერთი პლუსია, რომ ზაფხულში უფრო მეტი ადამიანია ღია სივრცეში, რაც ვირუსის გავრცელების ალბათობას ამცირებს. მოლოდინი გვაქვს, რომ ზაფხული უკეთ ჩაივლის, თუმცა იმის თქმა, რომ ზაფხულში კორონავირუსი აღარ იქნება, არასწორია. ბევრმა ქვეყანამ პიკი სწორედ ამ პერიოდში გადაიარა.

ვაქცინების ეფექტურობა შტამების მიმართ

პოსტავტორიზაციის შემდგომი კვლევით, ყველა ვაქცინის ეფექტურობა, რომელიც დღეს მსოფლიოშია, მხოლოდ ჩინური შტამის მიმართ იყო გამოცდილი. რამდენიმე ვაქცინაზე ვიცით, რომ კარგად მოქმედებენ როგორც ჩინურ, ასევე მუტაციის შემდეგ მიღებულ შტამზე, როგორიცაა, ბრაზილიური და ბრიტანული. Sinopharm-ის შესახებ კვლევები არსებობს და ისინი კარგად მოქმედებენ ზოგიერთ მუტაციაზე, მაგრამ ყველაზე ჯერჯერობით ეს მონაცემი არ გვაქვს. ჯანმოს განმარტებით, ეს ვაქცინები ყველაზე მეტად ეფექტურია ორიგინალი, ჩინური შტამის მიმართ, მაგრამ სხვა მუტაციის შემთხვევაში ეფექტურობა არის, თუმცა უფრო ნაკლები, ვიდრე ჩინური შტამის მიმართ. ბრიტანულ შტამს აქვს 74%-ით, ბრაზილიურს 152%-ით მეტი გადამდებობა, ვიდრე ჩინურს. ასე რომ, ყველა მუტაცია ცალ-ცალკე უნდა იყოს განხილული. ინდური შტამის დეტალური შესწავლა მარტში დაიწყო.

Sinopharm-ი

გვერდითი მოვლენების გამოხატვის ინტენსიურობის მიხედვით, ბევრად უფრო უსაფრთხოა, ეს ეფუძნება არამარტო მესამე ფაზის კვლევებს, არამედ ამ ვაქცინის გამოყენებას ასეულ-ათასობით ადამიანში. ანაფილაქსიური შოკი და გარდაცვალების შემთხვევა მისი გამოყენების შემდეგ დაფიქსირებული არ არის. რაც შეეხება ეფექტურობის მაჩვენებელს, 70%-ზე მაღალია, რაც ჯანმოს მიერ განიხილება, როგორც კარგი ეფექტურობა. აქედან გამომდინარე, როგორც Sinopharm-ს, ასევე Sinovac-ს, ჩვენ ეფექტურ და კარგ ვაქცინებად განვიხილავთ.

კოლექტიური, პოპულაციური იმუნიტეტი

კოლექტიური, პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად ქვეყანას უნდა შეეძლოს დიდი ვაქცინების შეთავაზება. მილიონობით ვაქცინა გვჭირდება მასობრივი იმუნიზაციისთვის. დღეს შეზღუდვა გვაქვს როგორც ასაკობრივი, ასევე რაოდენობრივი. ამიტომ, დღეს ამაზე ლაპარაკი ადრეა. მაგრამ თუ ჩვენ გვექნება ზაფხულში ეს რაოდენობა, ყოველდღიურად 15 000 ადამიანამდე უნდა აიცრას. ეს ნიშნავს, რომ ორ თვეში ავცრით ერთ მილიონ მოსახლეობას. დღევანდელი სტატისტიკით, 60%-ის აცრას ვერ მივაღწევთ, მართლაც ორი წელი დაგვჭირდება, მაგრამ თუ მასიური იმუნიზაციის დროს 15 000 ვაქცინირებული მივიღეთ, ამას სჭირდება ზოგიერთი ქვეყნის პრაქტიკის გათვალისწინება, როდესაც ღია/დახურულ სივრცეებში ატარებენ ვაქცინაციას. უნდა გაორმაგდეს იმ დაწესებულებების რაოდენობა, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება. ეს საკითხი განხილულია, ძალიან დიდი მარაგი გვაქვს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების სახით, რადგან ბავშვების ვაქცინაცია ამ რგოლში ტარდება და ეს ექიმები სრულიად მზად არიან. მათი გამოყენება მასიური ვაქცინაციის დროს გადამწყვეტი იქნება, რომ 60%-იან ზღვარს მივაღწიოთ.