გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეაჩერა. ამის შესახებ გერმანიის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გერმანულ ავიაკომპანია Lufthansa-ს მოსკოვის მიმართულებით ფრენების გაუქმება მოუწია, რადგან რუსეთის შესაბამისმა უწყებამ ნებართვა დროულად არ გასცა.
„საპასუხო პრაქტიკიდან გამომდინარე, ფედერალურმა საავიაციო უწყებამ ასევე არ გასცა შემდგომი ნებართვები რუსული ავიაკომპანიების შესრულებულ ფრენებზე“, - განაცხადა გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა.
გერმანული მხარე აცხადებს, რომ როგორც კი რუსეთის ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტო Lufthansa-ს ფრენებზე ნებართვას მისცემს, რუსულ თვითმფრინავებს ფრენების განხორციელების უფლება ექნებათ.
მანამდე ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლის გამო, რუსეთმა რამდენიმე ევროპულ ავიაკომპანიას რეისების განხორციელების ნებართვა არ მისცა.