ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები იზოლაციაში გადადიან

კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ მან ფეისბუკის გვერდზე დაწერა. თვითიზოლაციაში უკვე გადასულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. კორონავირუსი პრემიერის დაცვის თანამშრომლებს დაუდასტურდა.

ე.წ. ჩამკეტი მექანიზმის“ გამო, პარლამენტში ჯამში 90 დეპუტატზე მეტს ვერ შეიყვანს

“ქართული ოცნება“, რომელმაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პროპორციული წესით ხმების 48.15% მიიღო, ამ შედეგით, ჯამში პარლამენტში 90 დეპუტატზე მეტს ვერ შეიყვანს - ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგების შეთხვევაში, სავარაუდოდ, პროპორციული მანდატებიდან ერთი მანდატის მოკლება მოუწევს. აქ ე.წ. “ჩამკეტი მექანიზმი“ მოქმედებს, რომლის მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ეს ფორმულა კი იმას ნიშნავს, რომ თუკი არჩევნების საბოლოო შედეგით, “ქართული ოცნების“ 48.15% (61 პროპორციული მანდატი) არ შეიცვალა და ამავდროულად, სახელისუფლებო პარტიამ 30-ვე მაჟორიტარული ოლქი მოიგო, პარლამენტში 91-ის ნაცვლად, 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. მანდატი მას პროპორციული საარჩევნო სიიდან ჩამოაკლდება. რაც შეეხება ჩამოკლებულ მანდატს, მას სხვა უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს. ასეთი კი “ნაციონალური მოძრაობაა“.

საქართველოში კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 42 579. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 696 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 26 800-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 7 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში - 6 ადამიანი, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 342 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 1 852 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 441, ქვემო ქართლში - 68, შიდა ქართლში - 51, გურიაში - 28, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 114, კახეთში - 20, მცხეთა-მთიანეთში - 51, სამცხე-ჯავახეთში - 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 13. ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 411. 4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 125, აჭარაში - 709. მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 86. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი - მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში - 83. 2 236 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 077 - აჭარაში, ხოლო 837 - თბილისში. 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 977 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 609, აჭარაში-1 419. სულ 6 ოქტომბრის - 1 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 982 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 ადამიანი, საიდანაც თბილისში - 2 867 პირი, აჭარაში - 13 341, იმერეთში - 3 813. ამ ეტაპისთვის არსებული სტატიკური მონაცემების შესახებ მოგეწოდათ დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ენტონი ფაუჩის პოლიტიკით თამაშში სდებს ბრალს

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყნის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს, ენტონი ფაუჩის პოლიტიკით თამაშში სდებს ბრალს. გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი ფაუჩის „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო აკრიტიკებს, სადაც მან საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი პანდემიით გამოწვეულ საფრთხეებს სერიოზულად უყურებს, დონალდ ტრამპს კი ქვეყნის გახსნა სურს, რაც საფრთხის შემცველია. ფაუჩის კომენტარებმა თეთრი სახლის მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია. ისინი ფაუჩის ბრალს მიკერძოებაში სდებენ.

ევროპარლამენტარები პირველი ტურის შემდეგ მხარეებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებენ

გვსურს, მივულოცოთ ევროკავშირის საკვანძო პარტნიორს, საქართველოს, რთული ეპიდემიოლოგიური კონტექსტის მიუხედავად, არჩევნების პირველი ტურის წარმატებულად ორგანიზება, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების ერთობლივ კომუნიკეში, რომელსაც ხელს დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიულარდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი აწერენ. ევროპარლამენტარები განცხადებაში აღნიშნავენ, ევროპარლამენტმა პანდემიის გამო არჩევნებზე დაკვირვება ვერ შეძლო, თუმცა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას “ევროპული დიპლომატიური ზედამხედველობის“ 70 გუნდი თბილისში ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივით შეუერთდა. „ჩვენ ყურადვიღებთ, რომ არჩევნები შეფასდა კონკურენტულად და მთლიანობაში თავისუფლებები დაცული იყო, იმის მიუხედავად, რომ არსებობდა ამომრჩეველზე ზეწოლის სამწუხარო ფაქტები და სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის არსებული ბუნდოვანი ზღვარი წინა საარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს“, - ნათქვამია კომუნიკეში. ევროპის პარლამენტის წევრები ასევე დასძენენ, რომ კანდიდატებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ინტერესი კი ამ არჩევნების პოზიტიური ნაწილი იყო. ამას გარდა, ევროპარლამენტარები აგრეთვე აცხადებენ, რომ მედია და პოლიტიკური ლანდშაფტი ქვეყანაში ისევ პოლარიზებული რჩება. „დღეს, პირველი ტურის შემდეგ, ჩვენ მხარეებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ. ყველა შესაძლო საჩივარი და პრეტენზია, რომელიც დეტალებით იქნება გამყარებული, სამართლიანად, გამჭვირვალედ და ზედმიწევნით უნდა იქნას განხილული. ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება მოვლენების შემდგომ განვითარებას საარჩევნო პერიოდის დასრულებამდე, არჩევნების მეორე ტურის ჩათვლით“, - აღნიშნულია კომუნიკეში.

ბელარუსში სამართალდაცავებმა 201 დემონსტრანტი დააკავეს

მინსკში, გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს, სამართალდაცავებმა 221 დემონსტრანტი დააკავეს. Reuters-ის ინფორმაციით, დედაქალაქში ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სპეცრაზმმა მათ დასაშლელად ჰაერში რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, რასაც დემონსტრანტების მხრიდან წინააღმდეგობა მოყვა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ქუჩებში გამოსული მოქალაქეები, რომლებიც სკანდირებენ : „ჩვენ გვჯერა, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ გავიმარჯვებთ!“ შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. მოქალაქეები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებენ და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა. მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 962 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 30 ოქტომბრის მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში 1000-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, აქედან 43-ის სიმძლავრე 4 მაგნიტუდას აჭარბებდა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დღეს დილით მაშველებმა, ქვეყანაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრიდან დაახლოებით 58 საათის გასვლის შემდეგ, ქალაქ იზმირში ნანგრევებიდან 14 წლის გოგონა ამოიყვანეს და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, გასული კვირის პარასკევს თურქეთსა და საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6.6 მაგნიტუდა იყო.

კორონავირუსი პრემიერ-მინისტრის დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა

კორონავირუსი პრემიერ-მინისტრის დაცვის თანამშრომელს დაუდგინდა, ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ადასტურებენ. მანამდე გიორგი გახარიაm Facebook-ზე დაწერა, რომ დაცვის თანამშრომელთან ხანგრძლივი კომუნიკაციის გამო პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვითიზოლაციაში გადავიდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თედროს ადანომ გებრეიესუსი თვითიზოლაციაში გადავიდა, - ამის შესახებ WHO-ს დირექტორმა Twitter-ზე დაწერა. როგორც გებრეიესუსმა აღნიშნა, მას ჰქონდა კონტაქტი კორონავირუსით ინფიცირებულთან. "დადგინდა, რომ ვარ კონტაქტი იმ პირისი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. თავს კარგად ვგრძნობ და სიმპტომები არ მაქვს. ყველა წესების დაცვით გადავედი თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას", - წერს გებრეიესუსი.

პარლამენტის პირველი სხდომა არაუგვიანეს 20 დეკემბრისა უნდა გაიმართოს

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არაუგვიანეს 20 დეკემბრისა უნდა გაიმართოს. მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს უნდა ჩატარდეს, ცესკომ კი არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა (10 დეკემბერი) უნდა დაადგინოს. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საპარლამენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა გაიმართება, რა ვადაც მაქსიმუმ 20 დეკემბრამდეა. პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, საკუთარ ვებ-გვერდზე შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს. შემაჯამებელ ოქმს ცესკო ასევე “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გადასცემს, რომელიც მას ორი დღის ვადაში გამოაქვეყნებს. კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ სხდომას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრება. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს. მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატითა და 30 მაჟორიტარით უნდა იყოს წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდა, რადგან საქართველოს კონსტიტუცია მომდევნო არჩევნებიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისიწინებს. ამასთან, 2024 წლამდე პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, პარლამენტი კვლავ შერეული - 120/30-ზე სისტემით ფორმირდება. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდა, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება. გაუნაწილებელი მანდატები კი თანმიმდევრობით უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება. ცესკოს ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით 1%-იანი საარჩევნო ბარიერი ცხრა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა. მათ შორის 120 პროპორციული მანდატიდან 116 მანდატი ნაწილდება. ოთხი თავისუფალი მანდატი რჩება, რომელსაც თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე შემდეგი პოლიტიკური სუბიექტები გაინაწილებენ: - “გირჩი“, “ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, პროპორციული სისტემით განსაზღვრული დანარჩენი 116 მანდატი პარტიებს შორის ასე ნაწილდება: “ქართული ოცნება“ (48.15%) - 61 მანდატი “ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ (27.14%) - 34 მანდატი (ემატება ერთი თავისუფალი მანდატი) “ევროპული საქართველო“ (3.78%) - 4 მანდატი (ემატება ერთი თავისუფალი მანდატი) “ლელო“ (3.15%) - 4 მანდატი “პატრიოტთა ალიანსი“ (3.14%) - 4 მანდატი “სტრატეგია აღმაშენებელი“ (3.15%) - 4 მანდატი “გირჩი“ (2.89%) - 3 მანდატი (ემატება ერთი თავისუფალი მანდატი) “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ (1.33%) - 1 მანდატი (ემატება ერთი თავისუფალი მანდატი) “ლეიბორისტული პარტია“ (1%) - 1 მანდატი

“ქართული ოცნება“ - 48.15%, „ნაციონალური მოძრაობა” - 27.14%- საბოლოო მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ ეტაპზე დათვლილია 3847-ვე საარჩევნო უბანი. ყველა უბნის პირველადი მონაცემებით, “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ 48.15 %-იანი, ხოლო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 27.14%-იანი მხარდაჭერა აქვს. დანარჩენი საარჩევნო ბარიერგადალახული პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო შედეგი ასეთია: “ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 3.78%, "პატრიოტთა ალიანსი" - 3.14% , "სტრატეგია აღმაშენებელი” - 3.15% , “ლელო“ - 3.15% , “გირჩი“ – 2.89% , “ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - 1.33 % , "ლეიბორისტული პარტია" – 1%, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ -0.85%.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადება წარმომადგენლობის გვერდზე გავრცელდა. 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური განახლებული საარჩევნო სისტემით და ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობით ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19 პანდემიის გამო რთული პირობები იყო შექმნილი. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირის) და ეუთოს, ევროპის საბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეათა საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ ერთობლივი მოხსენების თანახმად, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. თუმცა, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებულმა და მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და არჩევნების დღეს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა. კვლავ მთავარია მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ჩათვლით, ისევე როგორც ყველა საჩივრისა და აპელაციის სამართლიანი, გამჭვირვალე და საგულდაგულო განხილვა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ დემოკრატიული პრინციპებისა და სტანდარტების დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა განაგრძოს. უაღრესად მნიშვნელოვანია თავისუფალი და ჯანსაღი მედია გარემოს უზრუნველყოფა, მათ შორის იმისთვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს სრულად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება. ევროკავშირი კვლავ ზედმიწევნით დააკვირდება მოვლენათა განვითარებას დარჩენილი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში და განსაკუთრებით მეორე ტურის დღეს. განახლებულმა სამართლებრივმა ჩარჩომ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მყარი საფუძველი უზრუნველყო. ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებში ნაწილობრივ გათვალისწინებულია ეუთო / ოდირის და ევროპის საბჭოს / ვენეციის კომისიის ადრინდელი რეკომენდაციები, თუმცა, რიგი რეკომენდაციებისა გაუთვალისწინებელი დარჩა. მნიშვნელოვანი იქნება საარჩევნო სისტემაში არსებული ხარვეზების მოგვარება, მათ შორის ეუთო / ოდირის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინება, ინკლუზიური დიალოგის საშუალებით მეორე ტურის შემდეგ, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდება. ევროკავშირი გვერდში უდგას დემოკრატიულ, სტაბილურ, წარმატებულ და ინკლუზიურ საქართველოს და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას განაგრძობს.

ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ცენტრთან ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად არიან შეკრებილნი. მათ ცენტრთან პოლიცია დახვდათ მობილიზებული. ჭყლეტვაში მოყოლილი ერთი პირი შეუძლოდ გახდა, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტერიტორიას გაარიდა. როგორც უგულავა აცხადებს, აქციები კვლავ გაგრძელდება, მომავალ კვირას კი დიდი აქცია დააანონსა. ოპოზიციამ, მხარდამჭერებთ, რუსთაველზე შეკრებისკენ, ცესკოს პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ მოუწოდა. ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ ეტაპზე დათვლილია 3838 საარჩევნო უბანი. არსებული მონაცემების მიხედვით, “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ 48.16%-იანი, ხოლო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 27.12%-იანი მხარდაჭერა აქვს. დანარჩენი საარჩევნო ბარიერგადალახული პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო შედეგი ასეთია: “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3.78%, “პატრიოტთა ალიანსი” – 3.15% , “სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.15% , “ლელო“ – 3.16% , “გირჩი“ – 2.89% , “ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1.33 % , “ლეიბორისტული პარტია” – 1%

ამერიკის საელჩო საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე განცხადებას ავრცელებს

ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის შესახებ ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს. „ქვეყნის მასშტაბით ათასობით პასუხისმგებლიანი საარჩევნო მუშაკი და პროფესიონალი სადამკვირვებლო ჯგუფები იმსახურებენ დაფასებასა და მადლიერებას საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველთა ხმის გამოხატვის უფლების მხარდასაჭერად გაწეული სამუშაოსთვის. ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას. საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამომრჩევლებისა და პარტიების მიერ არსებული სამართლებრივი პროცედურების გამოყენებას არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების წარსადგენად. მნიშვნელოვანია, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დასაბუთებული დარღვევის მიუკერძოებელი გამოძიება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჩივრებზე რეაგირება. სარწმუნო საჩივრების სამართლიანად, გამჭვირვალედ და დროულად გადაწყვეტა მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის მიმართ. შეერთებული შტატები გააგრძელებს არჩევნების მიმდინარეობაზე ყურადღებით დაკვირვებას, მათ შორის, საჩივრების განხილვაზე, აპელაციის პროცესსა და მომდევნო რაუნდის კამპანიაზე. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მოთმინება, რათა პროცესი წარიმართოს წყნარად, მშვიდობიანად და პატივისცემით, საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობაში. ყველა მხარე ვალდებულია უზრუნველყოს საარჩევნო კოდექსის იმპლემენტაცია და აღსრულება. ამ არჩევნების წინა პერიოდში მიღებულ რეფორმებში გათვალისწინებული იყო წინა არჩევნებზე დაფიქსირებული ზოგიერთი ხარვეზი. ჩვენ მოვუწოდებთ მომდევნო მოწვევის პარლამენტს, გაატაროს დამატებითი რეფორმები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც აღნიშნულია ოდირის საარჩევნო შეფასებებში. როგორც ყოველთვის, შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას, გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესი და ააშენოს უფრო ძლიერი დემოკრატია“, - აღნიშნულია განცხადებაში. ODIHR-მა საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასებები წარადგინა.

გიორგი გახარია თვითიზოლაციაშია

გიორგი გახარია თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ პრემიერმა Facebook-ზე დაწერა. „საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, სადაც ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული - ეს არის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასება. მადლობა თითოეულ მათგანს, საქართველოს დემოკრატიის ერთგულებისთვის, იმისთვის, რომ გლობალური პანდემიის ფონზეც კი, ჩამოვიდნენ საქართველოში და მხარი დაუჭირეს ჩვენს ქვეყანას წინსვლის პროცესში. როგორც ყოველთვის ვაცხადებდით, ამ ურთულეს პირობებშიც კი, საქართველომ შეძლო თავისუფალი, ღია და კონკურენტული არჩევნების ჩატარება. ცალკეული ხარვეზები კი, არის გამოსწორებადი, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ. სწორედ ეს მისწრაფება გვაახლოებს ევროპული სახელმწიფოს მშენებლობასთან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მოქალაქეებს აქტიურობისთვის. მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, რომელთა სიმრავლე ჩვენ კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ ერთად გავაგრძელოთ წინსვლა. სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“, - წერს პრემიერი.

„მმართველი პარტიის პოლიტიკური სიხარბე შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს ქვეყანას“

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის „პოლიტიკური სიხარბე შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც“. „მმართველი პარტიის პოლიტიკური სიხარბე, გადაჭიმული სიმები და ბეწვის ხიდი შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც. როდესაც გაქვს პანდემიით გამოწვეული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და, შესაბამისად, ურთულესი სოციალური ფონი ქვეყნის შიგნით, ცხელი კონფლიქტი და სახიფათო ნიშნულს მიღმა გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკები სამხრეთ კავკასიაში, ტექტონიკური ძვრები მსოფლიოში, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა ექნება ჩვენს ქვეყანაზეც და ასეთ დროს ნახევარ ნაბიჯსაც კი არ დგამ ეროვნული კონსოლიდაციისკენ, ჩართულობითი პოლიტიკისკენ, პასუხისმგებლობის გადანაწილებისკენ და პოლარიზაციის შემცირებისკენ - ეს, უპირველეს ყოვლისა, საღად მოაზროვნე ადამიანების იმედგაცრუებას იწვევს, ეს არა მარტო პოლიტიკურად არაპრაგმატულია, არამედ სახიფათო შედეგის მომტანია, თუ უახლოეს პერიოდში არა, საშუალოვადიან პერსპექტივაში - გარდაუვალად“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი.

“ქართული ოცნება“ - 48.16%, „ნაციონალური მოძრაობა” - 27.12% - 3838 უბანი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ ეტაპზე დათვლილია 3838 საარჩევნო უბანი. არსებული მონაცემების მიხედვით, “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ 48.16%-იანი, ხოლო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 27.12%-იანი მხარდაჭერა აქვს. დანარჩენი საარჩევნო ბარიერგადალახული პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო შედეგი ასეთია: “ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 3.78%, "პატრიოტთა ალიანსი" - 3.15% , "სტრატეგია აღმაშენებელი” - 3.15% , “ლელო“ - 3.16% , “გირჩი“ – 2.89% , “ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - 1.33 % , "ლეიბორისტული პარტია" – 1%

თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის, ეს იქნება უარის თქმა მოქალაქეების არჩევანზე - თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, თუ ოპოზიცია ყველა მანდატს დათმობს და არ მიიღებს პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას, ეს იქნება უარის თქმა მოქალაქეების არჩევანზე. მისივე თქმით, არჩევნების ლეგიტიმურობას მხოლოდ საზოგადოება წყვეტს და არა რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტია ან ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი. "თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი საპარლამენტო არჩევნებში უარს იტყვის საქართველოს პარლამენტში მონაწილეობის მიღებაზე და მუშაობაზე, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ნიშნავს, რომ ისინი უარს არა პარლამენტს, არამედ საკუთარი მოქალაქეების არჩევანს ეუბნებიან". - ამბობს თალაკვაძე. ცესკოს ბოლო მონაცემების მიხედვით, წინასწარი შედეგებით, ქართულ ოცნებას 48.28% აქვს, ენმ-ძალა ერთობაშიას – 26.57%, ევროპული საქართველო – 3.79%, ლელო – 3.25%, პატრიოტთა ალიანსი – 3.18%, სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%, გირჩი – 3.03%, მოქალაქეები – 1.38%, ლებორისტული პარტია – 1%. ყველა სხვა პარტიას 1%-ზე ნაკლები აქვს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და პარლამენტთან აქციას მართავენ. აქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას ორგანიზებულია, თუმცა, მას სხვა ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან, მაგალითად, ევროპული საქართველო, ლელო, ლეიბორისტული პარტია, დემოკრატიული მოძრაობა და ა.შ. პარლამენტთან აქცია გვიან ღამით მას შემდეგ დაანონსდა, რაც ცესკომ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ოპოზიციური პარტიების ლიდერები გვიან ღამით ცესკოსთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ ხმების დასაცავად, აქციას გამართავდნენ.

პორტუგალიაში საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება

პორტუგალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის უმეტეს ნაწილში საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი რეგულაციები ქვეყანაში 4 ნოემბრიდან დაწესდება. პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა. მისი თქმით, კარანტინის წესები 121 მუნიციპალიტეტს, მათ შორის ლისაბონსა და პორტოსაც მოიცავს. აღნიშნული არეალი ჯამში პორტუგალიის მოსახლეობის 70%-ს მოიცავს, სადაც 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. პორტუგალიაში კორონავირუსის 140 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსს 2 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ODIHR-მა საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასებები წარადგინა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) პრესკონფერენციაზე, ODIHR-ის შეზღუდული სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიან სტირკმა, საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასებები წარადგინა. OHIHR-ის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა და უშუალოდ არჩევნების დღის გარდა შეაფასა წინასაარჩევნო გარემოც. ჯილიან სტირკის თანახმად არჩევნების ტექნიკური ასპექტები სათანადოდ იყო ორგანიზებული. სტირკმა აღნიშნა, რომ არჩევნების ადმინისტრირებაში დომინირებდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რაც უარყოფით გავლენას ახდენს არჩევნების მიმართ მოსახლეობის ნდობაზე. "ტექნიკური ასპექტები იყო ეფექტურად ორგანიზებული. როგორც აღვნიშნეთ, ცესკომ დააკმაყოფილა სამართლებრივი ვადები, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი არ იყო განხილული იმ ღია რეგულარულ სესიებზე, რომლებსაც ცესკო მართავდა. მმართველი პარტიის წარმომადგენლობა დომინირებდა არჩევნების ადმინისტრირებაში, განსაკუთრებით ქვედა დონეებზე. ამას ჰქონდა უარყოფითი გავლენა საზოგადოების მხრიდან არჩევნების დამოუკიდებლობის აღქმაზე." - თქვა ჯილიან სტირკმა. ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიია აქტიურად ხვდებოდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მისიის ხელმძღვანელი ასევე შეეხო ამომრჩევლების დაშინების შესახებ ბრალდებებს. "ჩვენ მოვისმინეთ დიდი რაოდენობით ბრალდებები, კამპანიის დროს ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ. ჩვენს მიერ არჩევნების დღეს მონახულებულ საარჩევნო უბნების გარკვეულ რაოდენობაზე ჩვენ, როგორც ჩვენმა საპარლამენტო პარტნიორებმა, შევამჩნიეთ კოორდინატორები და აქტივისტები, რომლებიც ბევრ საარჩევნო უბანზე ქმნიდნენ დამაშინებელ გარემოს. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ბრალდებები, პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის წაშლის შესახებ. [საარჩევნო] პროცესის ეს ელემენტები სამწუხაროა, ვინაიდან ისინი ძირს უთხრიან კონკურენტულ არჩევნებს, რომლებიც ჩატარდა ისეთ ადგილას, სადაც სამოქალაქო საზოგადოებამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი და სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება მთლიანობაში იყო დაცული." ODIHR-ის მისია ასევე აკვირდებოდა საქართველოში მედიას, განსაკუთრებით სამაუწყებლო მედიას. მისიამ შეაფასა შვიდი სატელევიზიო არხის მუშაობა. მისიის შეფასებით მთლიანობაში მედია გარემო საქართველოში არის პლურალისტული, მაგრამ პოლარიზებული.