თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა. მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 962 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 30 ოქტომბრის მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში 1000-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, აქედან 43-ის სიმძლავრე 4 მაგნიტუდას აჭარბებდა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დღეს დილით მაშველებმა, ქვეყანაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრიდან დაახლოებით 58 საათის გასვლის შემდეგ, ქალაქ იზმირში ნანგრევებიდან 14 წლის გოგონა ამოიყვანეს და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, გასული კვირის პარასკევს თურქეთსა და საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6.6 მაგნიტუდა იყო.