თეგი: არაბთა გაერთიანებული საამირო

არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს

მოლაპარაკებების შედეგად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს ორდინალური პასპორტის მფლობელებისთვის ქვეყანაში შემოსვლის უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით, შესაბამის განცხადებას საქართველოს საელჩო ავრცელებს. „როგორც ცნობილია, აქამდე, ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელები. მხარეებს შორის, ზემოხსენებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ფორმალობების დასრულების შემდეგ, საელჩო გაავრცელებს ინფორმაციას ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების კონკრეტული თარიღის შესახებ. ხაზგასასმელია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გახლავთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკის კიდევ ერთი ნათელი მაჩვენებელი”, - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, საელჩო ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების კონკრეტული თარიღის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

ICC-ს მიერ დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, პუტინი პირველად ჩავიდა უცხო ქვეყანაში, რომელიც რუსეთს არ ესაზღვრება

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი პირველად ჩავიდა უცხო ქვეყანაში, რომელიც რუსეთს არ ესაზღვრება. რუსეთის პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებული საამიროს დედაქალაქ აბუ-დაბიში ჩავიდა. აბუ-დაბის შემდეგ, პუტინი საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება. არაბთა გაერთიანებული საამირო და საუდის არაბეთი ICC-ის მუშაობაში არ არიან ჩართულნი. ჰააგის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი 2023 წლის მარტში გასცა. ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი დსთ-ს სამ ქვეყანას და რუსეთს მოსაზღვრე ჩინეთს ეწვია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი ასვე გასცა ბავშვთა უფლებების სფეროში მისი წარმომადგენლის მიმართ. რუსეთის მაღალჩინოსნებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დროს უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებითი დეპორტაციისთვის, რაც საერთაშორისო სამართლით, ომის დანაშაულია.