თეგი: აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობაში მძიმე დარღვევები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობაში მძიმე დარღვევები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. გეგმური აუდიტორული შემოწმება მუზეუმის 2018-2020 წლების საქმიანობის პერიოდს მოიცავს. როგორც 2016 წელს ჩატარებული შიდა აუდიტისა და 2013 წელს ჩატარებული აუდიტის დასკვნებში, მიმდინარე წლის 4 თებერვლის დასკვნაშიც მძიმე დარღვევებზეა საუბარი. „აღნიშნული ანგარიშის თანახმად, რიგ შემთხვევაში, სამუზეუმო ექსპონატები განთავსებული იყო არასათანადო პირობებში (სხვენი, სარდაფი), ამასთან, ეროვნულ მუზეუმში არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სამუზეუმო ფასეულობების დაცვის პირობებისა და აღრიცხვის შესაბამისობას მოქმედ რეგულაციებთან. აღნიშნული ზრდის თაღლითობის, ექსპონატების ფიზიკური დაზიანებისა და მათ არსებობასთან დაკავშირებულ რისკებს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

აუდიტის სამსახური: თბილისში სამშენებლო წესების დარღვევისთვის, 609 260 ლარია გადაუხდელი

თბილისში სამშენებლო წესების დარღვევისთვის გადაუხდელია 609 260 ლარი, - აუდიტის სამსახური თბილისის მერიის ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტი 2021 წლის ფინანსური მდგომარეობისა და დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზეა შედგენილი. მერიის ქონების მართვის სააგენტოდან აუდიტისთვის წარდგენილი ინფორმაციით, გადაუხდელი საიჯარო ქირა პირგასამტეხლოს ჩათვლით, თითქმის მილიონ-ნახევარი ლარი იყო. ეს დავალიანება წარმოშობილია როგორც 2021 წელს, ასევე გასულ პერიოდში, წერს აუდიტი. მუნიციპალიტეტის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ინფორმაცია ამ ორი ტიპის დავალიანებაზე წარმოდგენილი არ არის. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ზოგადად თბილისის მერიაში სამსახურებს შორის არასათანადო კომუნიკაციაა, რის გამოც მუნიციპალიტეტის ფინანსური სამსახური არ არის საკმარისად ინფორმირებული ზედამხედველობის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს მისაღები თანხების შესახებ.