აუდიტის სამსახური: თბილისში სამშენებლო წესების დარღვევისთვის, 609 260 ლარია გადაუხდელი

თბილისში სამშენებლო წესების დარღვევისთვის გადაუხდელია 609 260 ლარი, - აუდიტის სამსახური თბილისის მერიის ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტი 2021 წლის ფინანსური მდგომარეობისა და დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზეა შედგენილი.

მერიის ქონების მართვის სააგენტოდან აუდიტისთვის წარდგენილი ინფორმაციით, გადაუხდელი საიჯარო ქირა პირგასამტეხლოს ჩათვლით, თითქმის მილიონ-ნახევარი ლარი იყო. ეს დავალიანება წარმოშობილია როგორც 2021 წელს, ასევე გასულ პერიოდში, წერს აუდიტი.

მუნიციპალიტეტის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ინფორმაცია ამ ორი ტიპის დავალიანებაზე წარმოდგენილი არ არის. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ზოგადად თბილისის მერიაში სამსახურებს შორის არასათანადო კომუნიკაციაა, რის გამოც მუნიციპალიტეტის ფინანსური სამსახური არ არის საკმარისად ინფორმირებული ზედამხედველობის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს მისაღები თანხების შესახებ.