თეგი: აშხაბადი
ბერდიმუჰამედოვი: აშხაბადი, ანკარა და ბაქო ენერგორესურსების ექსპორტზე მუშაობენ
თურქმენეთი კოორდინირებულ ნაბიჯებს დგამს თურქეთთან და აზერბაიჯანთან, თურქმენეთის ენერგორესურსების მსოფლიო ბაზრებზე გასატანად. ამის შესახებ პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ოთხშაბათს ავაზაში თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერების პირველ სამიტზე განაცხადა. ბერდიმუჰამედოვმა გამოთქვა რწმენა, რომ სამიტი დააახლოებს სამ მოძმე სახელმწიფოს და ხელს შეუწყობს თანამშრომლობას. „ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს, როგორც გულწრფელი, სანდო და ღია. ეს გვაძლევს საშუალებას დამაჯერებლად და ეფექტურად განვავითაროთ კავშირები ყველა სფეროში“, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა. ბერდიმუჰამედოვის თქმით, სამი ქვეყანა ეფექტურად თანამშრომლობს რეგიონულ საკითხებზეც. თურქმენეთის პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა კასპიის აუზის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. „გასული წლის იანვარში, ბაქოსა და აშხაბადს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს კასპიის ზღვაში დოსტლუგის ნავთობისა და გაზის საბადოს ერთობლივი გამოკვლევის და განვითარების შესახებ. ეს არის ბაქოსა და აშხაბადს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის ახალი ეტაპის საფუძველი, ურთიერთპატივისცემისა და ნამდვილი კეთილმეზობლობის მაჩვენებელი“, - განაცხადა ბერდიმუჰამედოვმა. მისივე თქმით, თურქეთი ასევე არის თურქმენეთის მნიშვნელოვან სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორებს შორის. „თურქმენეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი მუშაობენ მსოფლიო ბაზრისთვის ენერგორესურსების მიწოდების ჰარმონიული, უნივერსალური სისტემის შესაქმნელად“, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ეს სისტემა მრავალმხრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა იყოს დივერსიფიცირებული. „სისტემა უნდა იყოს საიმედო და უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ უნდა შევაფასოთ ერთობლივი ინიციატივები თანამშრომლობისთვის ბუნებრივი აირის თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან თურქეთში და იქიდან მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირების მიმართულებით“, - განაცხადა ბერდიმუჰამედოვმა.
თურქმენეთის ავიახაზები აშხაბადსა და რუსეთის ყაზანს შორის რეგულარულ ფრენებს აღადგენს
Turkmenistan Airlines-მა ქალაქ აშხაბადსა (თურქმენეთი) და ყაზანს (რუსეთი) შორის რეგულარული ფრენები განაახლა, იუწყება Trend თურქმენულ მედიაზე დაყრდნობით. აშხაბადსა და ყაზანს შორის ფრენები Boeing 737 თვითმფრინავით კვირაში ორჯერ განხორციელდება. თურქმენეთიდან რუსეთში ფრენები 2020 წლის მარტში COVID19-ის პანდემიის გამო შეჩერდა.