თეგი: ახალი მარშრუტი
შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს
ექსკლუზივი Europetime-ს ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ შავ ზღვაზე, საქართველოს და რუმინეთს შორის საზღვაო კავშირები ვითარდება. კერძოდ, „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანია პარტნიორებთან ერთად, ქართული პორტებიდან ევროპის მიმართულებით, საკონტეინერო გადაზიდვებს საკონტეინერო გემის მეშვეობით განახორციელებს. საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა იზრდება ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ფოთის პორტიდან პირველი საკონტეინერო გემი 146 TEU-თი ტვირთი რუმინეთის პორტში, კონსტანცაში მიმდინარე წლის 21 მაისს გადაიზიდა. საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს. გემი, რომელიც 210 TEU კონტეინერს იტევს, თვეში სამ რეისს შეასრულებს. „შავი ზღვა - კასპიის ზღვის მარშრუტის განვითარება ასევე მნიშვნელოვანია ჩინეთი-ევროპის სავაჭრო ნაკადების გადმომისამართებისთვის“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. მათივე სტატისტიკით, საქართველო ჩინეთს შორის შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2021 წელს ზრდამ 221% შეადგინა. შესაბამისად, არის მოლოდინი შავი-ზღვა კასპიის ზღვის მარშრუტიც მნიშვნელოვნად დაიტვირთება. საქართველოსა და რუმინეთს შორის საზღვაო მარშრუტის განვითარების წინაპირობა შავი და კასპიის ზღვების სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ინიციატივა რუმინეთისა და თურქმენეთის ეკუთვნით. 2019 წელს საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა – შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე. ზემოაღნიშნულ დეკლარაციას წინ უძღოდა 4 სახელმწიფოს შორის გამართული სამუშაო შეხვედრები. რუმინეთის ინიციატივით შესაძლოა, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის სატვირთო გადაზიდვის მარშრუტი შეიქმნას რუმინეთის სტრატეგიული მიზანია, შავი ზღვის პოტენციალი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად გამოიყენოს „დეკლარაციისას ხელმოწერისას აქცენტი გაკეთდა შავი ზღვა - კასპიის ზღვის მარშრუტზე, რომელიც შექმნის ეფექტური ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობას აზიასა და ევროპას შორის ორი ზღვის მეშვეობით. ქვეყნის დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, ქართული მხარე დაინტერესებულია გააღრმაოს ურთიერთობები სამივე ქვეყანასთან აღნიშნული დერეფნის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. რაც შეეხება საქართველოსა და რუმინეთს შორის ტვირთბრუნვას, Europetime-ს ეკონომიკის სამინისტრომ შემდეგი მონაცემები მიაწოდა: რკინიგზა საქართველოსა და რუმინეთს შორის 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში სარკინიგზო/საზღვაო მარშრუტით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 128.8 ათასი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 104.3%-ით მეტია (63.1 ათასი ტონა). საავტომობილო საქართველოსა და რუმინეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტით 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 6.9 ათასი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.7%-ით მეტია (4.6 ათასი ტონა). რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს რუმინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 230 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 105,5 პროცენტით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან, რუმინეთის ექსპორტი საქართველოში 87 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 219,4 პროცენტით. „ეს მაჩვენებლები მოწმობს ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების არსებულ პოტენციალს და დივერსიფიკაციის მნიშვნელოვან პერსპექტივებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ვაჭრობის, მობილურობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების გაფართოება ხელს შეუწყობს რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას, სოციალურ კეთილდღეობას და შექმნის რეალურ ბიზნეს შესაძლებლობებს რუმინეთსა და საქართველოს შორის“, - ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მანამდე, Europetime-თან ინტერვიუში რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, იულიან კიფუმ განაცხადა, რომ ბათუმი-კონსტანცას პროექტს მხარდაჭერა არ აქვს. ინტერვიუ ნახეთ ამ ბმულზე. ცნობისათვის, დღეს ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვის მონაცემები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა. ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. წლიურ ჭრილში ზრდა 0.5 მლნ ტონას შეადგენს.
ცნობილია, როდის ამოქმედდება სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის ახალი მარშრუტი
სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის ახალი მარშრუტი მუშაობას 30 აგვისტოს საღამოდან დაიწყებს. გადაწყვეტილება თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ლაჩინში განაღმვის სამუშაოების შესახებ იუწყება თვითგამოცხადებული ყარაბაღის ლიდერის ოფისის ცნობით, სომხეთთან კომუნიკაცია „შუშას მხარის ბერდაძორის ქვერეგიონის ტერიტორიის გავლით" განხორციელდება. აღნიშნულია, რომ გორის-სტეფანაკერტის საავტომობილო გზის დროებით დამაკავშირებელი 4,7 კმ-იანი გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტის მიხედვით, ახალი მარშრუტი „დერეფნის ლოგიკას შეინარჩუნებს“. ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ხელმოწერილ სამმხრივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლაჩინის 5 კმ სიგანის დერეფანი, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს „რჩება რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის კონტროლის ქვეშ“. დაგეგმილი იყო, რომ სამი წლის განმავლობაში განისაზღვრებოდა „ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ახალი სატრანსპორტო მარშრუტის მშენებლობის გეგმა“ და ამ მარშრუტის დასაცავად რუსული სამშვიდობო კონტინგენტი გადანაწილდებოდა. მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ, თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე რუსი სამშვიდობოების მეშვეობით ყარაბაღსა და სომხეთს შორის კომუნიკაციის ორგანიზებას ახალი მარშრუტით მოითხოვდა. ლაჩინის დერეფნის ტერიტორიაზე მდებარე ბერძორის, აჰავნოსა და სუს თემების მცხოვრებლებს შეატყობინეს, რომ 25 აგვისტოს შემდეგ ამ ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები აღარ იქნებიან, ამიტომ სახლები თვის ბოლომდე უნდა დაეტოვებინათ. 26 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმია შევიდა ქალაქ ლაჩინსა და სოფლებში ზაბუჰსა და სუსში, რომლებიც 1992 წლიდან მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ არიან. ამ თემაზე გაეცანით Europetime-ს სტატიას: გიორგი ბადრიძე: აზერბაიჯანის ჯარი ლაჩინში შევიდა, თუმცა მოსკოვს ბაქოსთვს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია