ცნობილია, როდის ამოქმედდება სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის ახალი მარშრუტი

სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის ახალი მარშრუტი მუშაობას 30 აგვისტოს საღამოდან დაიწყებს. გადაწყვეტილება თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

თვითგამოცხადებული ყარაბაღის ლიდერის ოფისის ცნობით, სომხეთთან კომუნიკაცია „შუშას მხარის ბერდაძორის ქვერეგიონის ტერიტორიის გავლით" განხორციელდება.

აღნიშნულია, რომ გორის-სტეფანაკერტის საავტომობილო გზის დროებით დამაკავშირებელი 4,7 კმ-იანი გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტის მიხედვით, ახალი მარშრუტი „დერეფნის ლოგიკას შეინარჩუნებს“.

ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ხელმოწერილ სამმხრივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლაჩინის 5 კმ სიგანის დერეფანი, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს „რჩება რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის კონტროლის ქვეშ“. დაგეგმილი იყო, რომ სამი წლის განმავლობაში განისაზღვრებოდა „ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ახალი სატრანსპორტო მარშრუტის მშენებლობის გეგმა“ და ამ მარშრუტის დასაცავად რუსული სამშვიდობო კონტინგენტი გადანაწილდებოდა. 

მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ, თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე რუსი სამშვიდობოების მეშვეობით ყარაბაღსა და სომხეთს შორის კომუნიკაციის ორგანიზებას ახალი მარშრუტით მოითხოვდა.

ლაჩინის დერეფნის ტერიტორიაზე მდებარე ბერძორის, აჰავნოსა და სუს თემების მცხოვრებლებს შეატყობინეს, რომ 25 აგვისტოს შემდეგ ამ ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები აღარ იქნებიან, ამიტომ სახლები თვის ბოლომდე უნდა დაეტოვებინათ. 

26 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმია შევიდა ქალაქ ლაჩინსა და სოფლებში ზაბუჰსა და სუსში, რომლებიც 1992 წლიდან მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ არიან.


ამ თემაზე გაეცანით Europetime-ს სტატიას: