თეგი: ახალციხე
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი : ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე, თურქეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გადაბრუნდა, შედეგად ბიტუმი დაიღვარა
ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე, თურქეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გადაბრუნდა, შედეგად ბიტუმი დაიღვარა, რამაც როგორც მიწის, ისე მდინარის დაბინძურება გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ადგილზე აიღეს შესაბამისი სინჯები. ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლითა (მიწის დაბინძურება, დეგრადაცია ან სხვაგვარი გაუვარგისება) და 58-ე მუხლის პირველი ნაწილით (წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა).
ბრალდებულს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელი მოკლა, მეუღლე კი დაჭრა, 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ერთი პირის განზრახ მკვლელობის და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 28 ოქტომბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კ.ს.-მ ეჭვიანობის საფუძველზე, სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გასროლით თანასოფლელ მამაკაცს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. „სამართალდამცავებმა კ.ს. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11პრიმა, 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ პრიმა“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბანგლადეშის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1996 წელს დაბადებული მ.ტ. და 1982 წელს დაბადებული მ.ა. ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1982 წელს დაბადებული მ.ა, 1977 წელს დაბადებული ე.გ და 1982 წელს დაბადებული ფ.ჩ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. სასაზღვრო პოლიციის ცნობით, დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში.
მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე და ძალადობის ორ ეპიზოდზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა პირმა განსაკუთრებული სისასტიკით, დანის დარტყმით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა მეუღლეს და ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის დედის მიმართ. „დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მოხერხდა დაზარალებულის გადარჩენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” პრიმა და „ვ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინა (ოჯახური ძალადობა). ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ექიმი გარდაიცვალა
ახალციხის სოფელ წყალთბილაში, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ექიმი გარდაიცვალა, - ინფორმაციას რეგიონული მედია "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილებაში აცხადებენ, ექიმმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კაცი ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდეგ კი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება ლუგარის ლაბორატორიამ დაადასტურა. დადასტურებიდან ორ დღეში, პირველ ივნისს პაციენტი გარდაიცვალა. 3 ივნისის მონაცემებით, მიმდინარე წელს ყირიმ–კონგოს ცხელებით სამცხე–ჯავახეთში 8 ადამიანი დაავადდა.