თეგი: ბზობა

დღეს ბზობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, ბზობა-ბაიაობას ზეიმობს. ბზობა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია, რომელიც აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ.  მართლმადიდებელ ტაძრებში დღეს საზეიმო წირვა აღესრულება, სადაც ბზის ტოტებს აკურთხებენ. მორწმუნეებისთვის, რომლებიც მარხვას იცავენ, ეს დღე თევზით ხსნილია. ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას ზეიმობს

დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც მართლმადიდებლები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი თორმეტთაგან პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: "ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!" დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში მისული მორწმუნეები ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება. წირვა-ლოცვას საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო(მუჯირი) აღავლენს.