საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, ბზობა-ბაიაობას ზეიმობს.

ბზობა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია, რომელიც აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.

ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.

მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. 

მართლმადიდებელ ტაძრებში დღეს საზეიმო წირვა აღესრულება, სადაც ბზის ტოტებს აკურთხებენ.

მორწმუნეებისთვის, რომლებიც მარხვას იცავენ, ეს დღე თევზით ხსნილია.

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.