თეგი: ბორის აკუნინი

მწერალი ბორის აკუნინი რუსეთში ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანეს

რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა. „მე ვარ ქართველი, მაგრამ რუსი მწერალი. მე მიყვარს რუსეთი. ჩემთვის აუტანელია იმის ხილვა, თუ რა ემართება მას ახლა, მაგრამ უფრო მძიმეა იმის ყურება, რასაც რუსეთი უკრაინას უკეთებს. სწორედ ამას ვგრძნობდი 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა. გახსოვდეთ – პუტინის სახელმწიფო და რუსეთი არ არის ერთი და იგივე. რუსეთი დაპყრობილია ბანდიტების ერთი დაჯგუფების მიერ, ის ტყვეობაშია. არსებობს მეორე, ნამდვილი რუსეთი – ის ცოცხალია და იბრძვის. ერთხელაც გადააგდებს ამ დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელიც ტყუილსა და შიშს ეფუძნება,“ – განაცხადა აკუნინმა 2022 წლის მარტში. 2014 წლიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, აკუნინი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, მწერალი უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ კამპანიებშია ჩართული.  

მოსკოვის თეატრმა მწერალ ბორის აკუნინის ნაწარმოებებზე შექმნილი სპექტაკლები გააუქმა

მოსკოვის აკადემიურმა ახალგაზრდულმა თეატრმა (РАМТ) რეპერტუარიდან მოხსნა მწერალ ბორის აკუნინის ნაწარმოებებზე შექმნილი ყველა სპექტაკლი. რადიო თავისუფლების რუსული სამსასხურის ცნობით, სპექტაკლების გაუქმებას „საზოგადოების წარმომადგენელთა საჩივრებით“ ხსნის. ამიერიდან ახალგაზრდულ თეატრში მაყურებელს აღარ უჩვენებენ სპექტაკლებს „ერასტ ფანდორინი“, „ინი და იანი. თეთრი ვერსია“ და „ინი და იანი. შავი ვერსია“. 18 დეკემბერს რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა („როსფინმონიტორინგმა“) ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა ლონდონში მცხოვრები რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი). რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის საჯარო გამართლებისა და რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის (დანაშაულები გათვალისწინებული რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 და 207.3 მუხლებით). კომიტეტის განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ აპირებენ გრიგორი ჩხარტიშვილის ძებნილად გამოცხადებას. ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) და დიმიტრი ბიკოვი საზღვარგარეთ ცხოვრობენ და აქტიურად ეწინააღმდეგებიან უკრაინაში რუსეთის შეჭრას.