თეგი: გადარიცხვა

ბულგარეთმა რუს დიპლომატების ხელფასები დაუბლოკა

ბულგარეთის ფინანსთა მინისტრმა ასენ ვასილევმა განაცხადა, რომ ქვეყანამ, ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, სოფიაში, რუსეთიდან საელჩოში გადმორიცხული ფული დაბლოკა, რომელიც რუსი დიპლომატების ხელფასების დასაფარად იყო განკუთვნილი.  „არის ფულადი გადმორიცხვა რუსეთის საელჩოში, რომელიც უშუალოდ ევროკომისის სანქციების ქვეშ ხვდება. რუსეთის საელჩო ითხოვს, რომ ამ გადმორიცხვაზე სანქციებმა არ იმოქმედოს. ახლა ამ საკითხს ევროკომისიასთან ვათანხმებთ“, -განაცხადა ვასილევმა.  ბულგარეთის ფინანსთა მინისტრმა დააზუსტა, რომ გადმორიცხული თანხა $890 ათასს შეადგენს.  ბულგარეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც სოფიის მთავრობამ, რუსეთის დიპლომატიური მისიის 70 წევრის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. რუსი დიპლომატები და ოფიციალური პირები მოსკოვში გასულ კვირას გაემგზავრნენ.    

ივნისში რუსეთის მოქალაქეებმა უცხოეთში, ვალუტით რეკორდული თანხა გადარიცხეს

2022 წლის ივნისში, რუსეთის მოქალაქეებმა უცხოეთში, ანგარიშებსა და დეპოზიტებზე $4,7 მილიარდი გადარიცხეს, რაც რუსეთის ცენტრალური ბანკის ცნობით, 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.   გაზპრომბანკის Private Banking-ის მმართველი დირექტორის ეგორ სუსინის თქმით, საზღვარგარეთ ანგარიშებზე და დეპოზიტებზე გადარიცხვების ზრდა ორი მიზეზით არის განპირობებული. „ჯერ ერთი, შიდა ბაზარზე უნაღდო უცხოური ვალუტის ჭარბი რაოდენობაა და ამასთან დაკავშირებით ბანკებში დოლარისა და ევროს განთავსების პირობები არაკომფორტული გახდა. და მეორეც, ამ სიტუაციაში, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უცხოეთში ვალუტის გადარიცხვები შეამსუბუქა, რომელიც კრიზისის დასაწყისში იყო შემოღებული. მთლიანობაში, რუსეთის ფედერაციის რეზიდენტებს, რუსეთის ბანკის მონაცემებით, პირველი ივლისის მდგომარეობით, უცხოურ ბანკებში  2,29 ტრილიონი რუბლი, ანუ $44,7 მილიარდი ჰქონდათ შენახული.  შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ, უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრიდან რამდენიმე დღეში სავალუტო რეგულირების მკაცრი ზომები შემოიღო. აიკრძალა ვალუტის გაყიდვა ფიზიკურ პირებზე, შეზღუდული იყო ვალუტის აღება ანგარიშებიდან და გადარიცხვები საზღვარგარეთ. თანდათან ეს შეზღუდვები რბილდება, მაგრამ მათი სრულად მოხსნა ჯერ არაა დაგეგმილი.