ბულგარეთის ფინანსთა მინისტრმა ასენ ვასილევმა განაცხადა, რომ ქვეყანამ, ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, სოფიაში, რუსეთიდან საელჩოში გადმორიცხული ფული დაბლოკა, რომელიც რუსი დიპლომატების ხელფასების დასაფარად იყო განკუთვნილი.
„არის ფულადი გადმორიცხვა რუსეთის საელჩოში, რომელიც უშუალოდ ევროკომისის სანქციების ქვეშ ხვდება. რუსეთის საელჩო ითხოვს, რომ ამ გადმორიცხვაზე სანქციებმა არ იმოქმედოს. ახლა ამ საკითხს ევროკომისიასთან ვათანხმებთ“, -განაცხადა ვასილევმა.
ბულგარეთის ფინანსთა მინისტრმა დააზუსტა, რომ გადმორიცხული თანხა $890 ათასს შეადგენს.
ბულგარეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც სოფიის მთავრობამ, რუსეთის დიპლომატიური მისიის 70 წევრის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. რუსი დიპლომატები და ოფიციალური პირები მოსკოვში გასულ კვირას გაემგზავრნენ.